ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი პროკურატურაში ვიზიტსა და გამოძიების მასალების გასაჯაროების გადადებაზე საუბრობს. კიწმარიშვილის განცხადებით, პროკურატურასთან მოხდა შეთანხმება, რომ „რაღაც საკითხებში კვლევა-ძიება უნდა გაგრძელებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებდნენ დასკვნას". აღნიშნულზე ზურაბ კიწმარიშვილი „პრაიმტაიმს" ესაუბრა.
„ჩვენ შევხვდით ერთადერთი მიზნით - გაგვეცნო ჩვენი მოსაზრებები მათ ანალიზთან და ვერსიებთან დაკავშირებით. ისინი დაგვეთანხმნენ, რომ რაღაც საკითხებში კვლევა-ძიება უნდა გაგრძელებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებდნენ დასკვნას. ანუ დასკვნა დაიდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენი შეხედულებების გაზიარებაც მოხდება.
კითხვები გაცილებით მეტი გვქონდა, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელიც ნივთიერი მტკიცებულებების ფარგლებს სცილდება და ამიტომ ისინი არ არიან მზად, მას პასუხი გასცენ. მაგრამ რაც საქმეს შეეხება - კვლევებს, ექსპერტიზებსა და ა.შ. ამას კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან და კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ. თუ მაინც დარჩება საკითხები, რომელზეც პასუხი მაღალ ხარისხში არ ექნება გაცემული, რაღა თქმა უნდა, ვიტყვით ამის შესახებ. მერე უკვე დეტალებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
ზურაბ კიწმარიშვილი აღნიშნავს, რომ მას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს საკუთარი ვერსია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„მუ სრული უფლება მაქვს, ჩემი ვერსია მქონდეს და ვამტკიცო, რომ სწორედ ეს არის რეალური. პროკურატურას კი არ აქვს უფლება, რომ მყარი არგუმენტის გარეშე რაიმე ვერსია წარმოადგინოს სინამდვილედ და საქმე გახსნილად გამოაცხადოს. თუმცა, გვარწმუნებენ, რომ ყველა მიმართულებით ჩატარდა სამუშაოები. ალბათ, ამასაც წარმოადგენენ საბოლოოდ თავის ანგარიშში - რა მიმართულებით იმუშავეს, ვისთან მივიდნენ, რა ამოიღეს და ა.შ", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.