აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, 18 დეკემბერს, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, ქართული მხრიდან სამუშაო შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი.
შევხედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთსა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები რეგიონის მასშტაბით.
"მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოს რეინტეგრაციის პოლიტიკაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივაზე. ამერიკელ კოლეგებთან ერთად ასევე განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი. მხარეები ასევე ისაუბრებენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში", - განაცხადა კერესელიძემ.