ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ

ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიისა და საფრანგეთის პირველ პირებთან. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და უკრაინაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა საუბრისას აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების გაძლიერების მთავარი პირობა ეკონომიკური რეფორმებია. მათ ასევე ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისის ინსტიტუციონალური გადაწყვეტის მნიშვნელობას", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უკრაინული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას სამი ქვეყნის ლიდერი ასევე შეთანხმდა, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი რაც შეიძლება მალე უნდა შეიკრიბოს მინსკის მოლაპარაკებების ყველა პუნქტის შესასრულებლად.