"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პროგრამა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოგონებული ჭორებით დაასუსტონ და ხალხმა ეს არ უნდა დაიჯეროს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმდისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჭორებით არა მარტო პრემიერის, არამედ მთავრობის დასუსტებასაც ცდილობს. თამაზაშვილი გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის მიერ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
"აქედან მინდა მივმართო გივია თარგამაძეს, რომ შენ ხარ უსინდისო ადამიანი ასეთ ტყუილებს რომ იგონებ. უსინდისო და უნამუსო ადამიანი. ის ნადირაშვილი რომ არის, ნადირის სახეს რომ იღებს ეს ქალი და ათას სისულელეებზე ლაპარაკობს და ყველაფერს მაბრალებს, თუკი სადმე წავიდა, სადმე წამოვიდა, ყველაფერს მე მაბრალებს, თამაზაშვილმა მომიგონაო. ეგენი არიან უსინდისო ხალხი. შუბლის ძარღვი არ აქვთ. ეტყობა დასუსტება უნდათ "ქართული ოცნების" და ირაკლი ღარიბაშვილის და ათას რაღაცებს იგონებენ ტყუილად. რა კორუფციული გარიგებები და რა ტენდერები. ვინც დღეს დანიშნულები არიან და ვინც ჩამოწერილია მათ სიებში, ზოგი ბაღში მუშაობს და ზოგი გამგეობაში. ისინი ადრეც მუშაობდნენ და ამ ნაციონალებმა გაყარეს და ისევ აღიდგინეს დღეს თავი. ნაცებს აქვთ პროგრამა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასუსტონ. დაასუსტონ ეს მთავრობა მოგონებული ჭორებით, ათასნაირი სიბინძურეებით. ამიტომ ხალხმა ეს არ უნდა დაიჯეროს", - განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.