საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის პოლიციის განყოფილების ტერიტორია დატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ.
პოლიციის შენობასთან გამართული აქციის გარდა საყდრისი-ყაჩაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციებს პარალელურ რეჟიმში მართავდა კომპანია "არემჯიში" დასაქმებულთა ერთი ნაწილი, ასევე, დაბა კაზრეთის მოსახლეობის ნაწილი. მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა დაბა კაზრეთის პოლიციის განყოფილებაში შეიტანეს განცხადება და მოითხოვეს საბადოზე მიმდინარე პროცესების შეჩერება.
როგორც დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, კომპანია "არემჯიმ" კანონის დარღვევით დაიწყო სამთო მოპოვებითი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოებზე.
აქციის მონაწილეები და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები თბილისის მიმართულებით გამოემგზავრნენ. მათი განცხადებით, 20:00 საათისთვის ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბებიან და საკუთარ პოზიციას და პროტესტს უკვე იქ დააფიქსირებენ.