საპროტესტო აქციას ნინო ქადაგიძე-ჟვანია შეუერთდა

საპროტესტო აქციას ნინო ქადაგიძე-ჟვანია შეუერთდა

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის" წევრები მართავენ , გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია შეუერთდა.

როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ "ინტერპრესნიუსსთან" საუბარში განაცხადა, უბრალოდ მას, როგორც რიგით მოქალაქეს გულმა ვერ გაუძლო, რომ არ ჩასულიყო საყდრისში და არ გაეპროტესტებინა გუშინ მომხდარი ფაქტი.

"აფეთქებენ ყველაფერს. ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე რეჟიმში ვცხოვრობთ, როცა ჩვენი საკუთარი ხელით ვანადგურებთ ჩვენს საკუთარ ისტორიას, ჩვენს ბუნებას. ჩვენს საგანძურს. კიდევ სხვა ადამიანები სპეკულირებენ, რომ მათ თითქოს სამუშაო სჭირდებათ და სხვა საშუალება მათთვის სამსახურის უზრუნველყოფისა, არ არსებობს. ის ეკოლოგია, რომელსაც ისინი დაანგრევენ ახლა და მოწამლავენ გარემოს, რომელშიც მერე ამ ხალხს მოუწევს ცხოვრება, ღირს იმ ანაზღაურებად, რომელსაც ისინი ახლა იღებენ?", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ საუბარში.

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კომპანია "არემჯი" ამ წუთებშიც აწარმოებს მადნის მოპოვების სამუშაოებს, ასევე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გარემოს დაცვითი ორგანიზაციები, "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები მართავენ.

ამ აქციის პარალელურად საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა დაბა კაზრეთის მოსახლეობის ნაწილი, ასევე, კომპანია "არემჯის" თანამშრომლები, რომლებიც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუკი საბადოს ტერიტორიიდან არ მოხდება მადნის მოპოვება, კომპანია "არემჯი" გამართულად ვერ იფუნქციონირებს, მათ კი ამ შემთხვევაში უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.