მოსახლეობა და

მოსახლეობა და "არემჯის" საწარმოებში დასაქმებულთა ნაწილი აქციას მართავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს კარიერის მიმდებარე ტერიტორიასთან საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა და "არემჯის" საწარმოებში დასაქმებულთა ერთი ნაწილი აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ კარიერებიდან მადნის მოპოვება შეწყდება, მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. მათივე თქმით, დაბა კაზრეთის, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება და ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა სწორედ კომპანია "არემჯის" საწარმოების გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არანაირი ისტორიული მნიშვნელობა არ ჰქონდა და ამის თაობაზე შესაბამისი დასკვნა მეცნიერებმაც დადეს. რაც შეეხება გერმანელი მეცნიერების მიერ გაკეთებულ დასკვნას, დღევანდელი აქციის მონაწილეები, ამ მეცნიერების დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, ისინი აპირებენ დახვდნენ და ესაუბრონ საყდრისი- ყაჩაღიანის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს და დაარწმუნონ, რომ შეწყვიტონ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გაპროტესტება.