უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ეკატერინე ზღულაძის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება უკრაინის სახელმწიფოებრივ ინტერესში შედის . ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ეკატერინე ზღულაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რა დროსაც მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას მოაწერა ხელი.
"მე, როგორც პრეზიდენტს, თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი უნიკალური როლი საშუალებას მოგვცემს საბჭოთა კავშირის ტიპის შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპული ტიპის უწყებად ვაქციოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ინსპექტორები აღარ აიღებენ ქრთამს, როგორც ეს საქართველოში მოხერხდა", -განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს მტკიცე, პოლიტიკური ნება, მოახდინოს ქვეყნის ტოტალური ტრანსფორმაცია.
ეკატერინე ზღულაძემ პოროშენკოს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის უკრაინაში უკრაინისთვის იმუშავებს.
"ეს არ არის ჩემთვის საქართველოში მუშაობის გაგრძელება. ეს არის ახალი ქვეყანა, ახალი პროექტი და ეს იქნება უკრაინული რეფორმა", - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკატერინე ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით ორი დღის წინ მიმართა.
"პრეზიდენტი მიესალმა ჩემს წინადადებას. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა მოქალაქეობის შესახებ, ბოლო ფორმალობასაც აღვასრულებ – მინისტრთა კაბინეტისთვის ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენით. მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი კომპეტენტურობა, რეფორმების სურვილი და ღიმილი იქნება", - განაცხადა ავაკოვმა.
ეკატერინე ზღულაძეს არსენ ავაკოვი შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე სავარაუდოდ ხვალ წარადგენს.