ეკატერინე ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

ეკატერინე ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ეკატერინე ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. 

უკრაინული მედიის ინფორმაიცით, ამის შესახებ "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ დაწერა.

"უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პრეტენდენტი უკრაინის მოქალაქე გახდა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა", - წერს პოროშენკოს პრესმდივანი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკატერინე ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით ორი დღის წინ მიმართა.

"პრეზიდენტი მიესალმა ჩემს წინადადებას. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა მოქალაქეობის შესახებ, ბოლო ფორმალობასაც აღვასრულებ – მინისტრთა კაბინეტისთვის ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენით. მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი კომპეტენტურობა, რეფორმების სურვილი და ღიმილი იქნება", - განაცხადა ავაკოვმა.