ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირი დიალოგისთვის მზაობის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას და მინისტრის აპარატის ანგარიშს ეხმაურება.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მორიგ ინსინუაციებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან კონტაქტების თაობაზე რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი გზით აიძულოს სამხრეთ ოსეთი, საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს. დღეს ცხოვრების დონე საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში ან მის მეზობელ რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან. ჩვენი საზოგადოების მოსყიდვა სამედიცინო დახმარებით, რომელთაც ჩვენს მოქალაქეებს დასავლეთის გრანტებით და სხვადასხვა ფონდებით აღმოუჩენენ ხოლმე, აბსურდულია. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით დაბალი სოციალური გარანტიები აქვთ, ხოლო მკურნალობა და წამლები _ ძვირადღირებული და მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არაა. რაც შეეხება გაზიფიკაციას და სოციალური საცხოვრებლების მშენებლობას, პოსტკონფლიქტურ აღდგენით სამუშაოებს, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რომელიც ქართულ-ოსური 1993 წლის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკურ აღმშენებლობას ითვალისწინებდა, საქართველოს ერთი რუბლი არ გამოუყვია მის მიერ სამხრეთ ოსეთში დანგრეული ობიექტების აღსადგენად", - აცხადებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს ცხინვალის რეგიონს, რუსეთია.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მისი უწყების 2-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, "ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმით და ბუნებრივია, აქ დე ფაქტო ხელისუფლებაც იგულისხმება".