მთავრობის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ორი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

მთავრობის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ორი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

ახალციხეში მთავრობის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ მედიას ორი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროების ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს მათი უწყებების მიერ რეგიონში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ადგილობრივ მოსახლეობას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშების წარდგენა ქვეყნის ყველა რეგიონში პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც მხარის გუბერნატორმა შეხვედრაზე განაცხადა, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ტრანსასაზღვრო კავშირების განვითარების პერსპექტივები იძლევა რეალურ შესაძლებლობას მხარე ერთ-ერთ ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონად იქცეს. მხარეში ორი წლის განმავლობაში ამოქმედდა საერთაშორისო პროექტები - ზიკილიის ელექტროგადამცემი ხაზისა და ფარავანის ჰიდროელქტროსადგურის სახით; მიმდინარეობს რუსთავის ჰიდროელექტროსადგურის, ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა; 2015 წლისთვის ასევე ამოქმედდება მეორე სასაზღვრო გამშვები პუნქტი, თურქეთთან, კარწახის მიმართულებით. ბაკურიანში დიდველის განვითარების პროგრამის ფრგლებში უკვე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების პროექტიც.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო ბიზნესის აქტივობით ბოლო ორი წლის განმავლობაში სახეზეა 30 ახალი ობიექტი. ესენია სასტუმროები, რძის გადამამუშავებელი საწარმოები, საკალმახე მეურნეობები, იაფი კრედიტის ფარგლებში გაფართოვებული 4 ობიექტი _ ხორცისა და რძის წარმოებაში. აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, 2015 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭრით სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყება, ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გათვალისწინებულია 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია. სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე ჩატარდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ექსპერტების მიერ შემუშავებული 14 პროექტი. კერძოდ, აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ზარზმის, სარო-ხიზაბავრის დარბაზების, თმოგვისა და ვანის ქვაბების, ახალქალაქის ციხის, აბასთუმნის ობსერვატორის შიდა გზების, საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის, საირმე-აბასთუმანის გზის რეაბილიტაციის და სხვა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, მხოლოდ 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა 600 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 22 412 292 ლარს.

"როგორც ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმა განაცხადა, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად სამცხე-ჯავახეთშიც წარმატებულია მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო პროგრამა. მხარეში 2013-14 წლებში 90 562 სასოფლო-სამეურნეო ბარათი გაიცა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მეორე კომპონენტის ფარგლებში 1 129 ბენეფიციარზე გაცემულია 15,460,440 ლარი; მესამე კომპონენტის ფარგლებში კი გაცემულია 36 სესხი", _ აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს 36 კოოპერატივი შეიქმნა და წარმატებით საქმიანობს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, იაფი კრედიტის ფარგლებში სოფლ წნისში გაიხსნა სამაცივრე მეურნეობა. რაც შეეხება მეცხოველეობას, რეგიონში მოქმედებს 34 ხორცისა და რძის გადამამუშავებელი საწარმო. სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად მხარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს ჩაატარა ღონისძიებები, განსაკუთრებით პირუტყვის დაავადებათა პრევენციისა და გამოვლენილი კერების იზოლაციის მიზნით.

"სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის სფეროში რეგიონში განხორციელებულ პროგრამებს დაეთმო. 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 4 მილიონ 301 ათას 242 ლარი გაიხარჯა. ამასთანავე, მიმდინარე წელს, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსებამ და სტაციონარულმა მომსახურებამ შეადგინა - 587 689 ლარი, დაფინანსდა 1 034 ბენეფიციარი. 2014 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 6 ამბულატორია აშენდა, ნაწილი კი გარემონტდა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის 1 მაისიდან სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი 30%-თ გაიზარდა. რეგიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა მაღალი გამავლობის 13 ავტომანქანა, რაც მოსახლეობის მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებ", _ აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით კი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2288 იძულებით გადაადგილებული პირია, სულ 909 ოჯახი, მათგან ბინით უზრუნველყოფილია 2031 დევნილი, ანუ 88%. 2013-14 წლებში 1 ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 28 ოჯახს. მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან ბორჯომში ბინები გადაეცა 18 ოჯახს, 53 დევნილს; ქალაქ ახალციხეში მიმდინარეობს ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის რემონტი, სადაც 66 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 2015 წლის 1 სექტემბრამდე 60 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართები; ზამთრის სეზონისთვის ფულადი დახმარება 2012 წლიდან დღემდე 989 ოჯახს (197 800ლ) აქვს მიღებული.

"რაც შეეხება ენერგეტიკას, რეგიონში ინტენსიურად მიმდინარობს გაზიფიცირების პროცესი. ბუნებრივ აირს სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის ღებულობს 32 464 აბონენტი. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები ახალციხისა და ადიგენის სოფლებში. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტში - 3 030 და ადიგენის მუნიციპალიტეტში - 1546 ახალი აბონენტი. დაბა ასპინძასა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საროში, ხიზაბავრასა და დამალაში უკვე დასრულებულია 1150 აბონენტის გაზიფიცირება. 2015 წელს ჩაირთვება 1130 ახალი აბონენტი ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის გარეშე მყოფი სოფლების ელექტროფიცირებისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყო. ელექტროენერგია უკვე 8 სოფელს მიეწოდება. მათ შორის არის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უტყისუბანი, სადაც ათი წლის განმავლობაში მოსახლეობას უშუქოდ ცხოვრება უწევდა", _ განაცხადეს ადმინისტრაციაში.

ამასთან, შეხვედრაზე მოსახლეობას განათლების სამინისტროს ანგარიში მინისტრის მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა წარუდგინა. მისი განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდა, 2014 წელს _ 22 საჯარო სკოლას და პროფესიულ კოლეჯს; მიმდინარეობს სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. ასევე მომზადებულია სოფელ არალის საჯარო სკოლის ახალი სასწავლო შენობის პროექტი და რომლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. ამოქმედდა ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. რეგიონის სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებელში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები სწავლობდნენ, სპეც-მასწავლებლები დაინიშნენ. განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის რეგიონის 93 მოსწავლე დააჯილდოვა კომპიუტერებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის # 272 დადგენილებით ახალციხის სასაწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი დაწესებულება-კოლეჯის საფუძველზე სამცხე-ჯავახთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა. რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა ისწავლოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

"განათლების მსგავსად, სახელმწიფოსგან დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და შენარჩუნებას. საქართელოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წელს დაიწყო ვარძიის უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი. პირველ ეტაპზე ხორციელდება: კედლის მხატვრობის კვლევითი-დიაგნოსტიკური სამუშაოები, კლდის კვლევა და კონსერვაცია, კომპლექსის დაზიანებული წყალამრიდი არხების და დამცავი კედლების რეაბილიტაცია, სავალი ბილიკების და კიბეების მოწესრიგება, მულტიდისციპლინარული კომპლექსური კვლევები, რომელსაც კოორდინაციას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ. ამ ეტაპზე დასრულებულია ვარძიის სრული განათება", _ აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში..

მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და მხარის გუბერნატორების ანგარიშების წარდგენა რეგიონებში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და უკვე იმერეთში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. შემდეგი ღონისძიება 16 დეკემბერს შიდა ქართლში ჩატარდება.