ემზარ კვიციანის მხარდამჭერები დეკემბრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქციას დაიწყებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სახით ისინი სასამართლოს მიერ ემზარ კვიციანის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ. შიმშილობის აქციის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართვის მიზეზი კობაიძემ იმით ახსნა, რომ "ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და ქვეყნის ბედს ის წყვეტს".
როგორც კობაიძემ აღნიშნა, სასამართლომ ემზარ კვიციანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა, რაშიც სასამართლოს ტენდენციურობა გამოვლინდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. კობაიძემ სასამართლოს დაინტერესებული მხარე უწოდა, რომელიც ცდილობს "საქმე შეკეროს". ამდენად, ადვოკატის განმარტებით, ემზარ კვიციანი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
კობაიძე თქმით, კვიციანის მომხრეების პარალელურად, პატიმრობაში მყოფი ემზარ კვიციანიც პროტესტის ნიშნად, ციხეში შიმშილობას დაიწყებს.
ადვოკატის ინფორმაციით, უკვე მომზადდა სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში 15 დეკემბერს შევა. ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო მას წარმოებაში მიიღებს.
"ახალი გარემოებების აღმოჩენის საფუძველზე, საქმის გადახედვა შესაძლებელია. ეს ახალი გარემოება არის ერთ-ერთი მოწმე, მალხაზ ჭილაძე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და იგი არ დაკითხულა. ჩვენ სასამართლო პროცესზე მისი სკაიპით დაკითხვას ვითხოვთ", _ განაცხადა კობაიძემ.