ავლაბარში, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან სვანები ორშაბათს იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა მესტიას სასწრაფოდ მოაშორონ ახლახანს დადგმული თამარ მეფის ძეგლი, რომელსაც სიმახინჯედ მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ ამგვარი ძეგლის დადგმა არის, როგორც ჩვენი ერისთვის საფიცარი თამარ მეფის, ისე თავად ქართველების შეურაცხყოფა.
სვანების შეკრების ინიციატორია კლარა შუკვანი, რომელიც ამჟამად ადვოკატია, ხოლო ახლო წარსულში ეროვნული მოძრაობის აქტივისტი იყო და აქტიურად გამოდიოდა ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. იგი მესტიიდან 12 იანვარს დაბრუნდა; 13-ში რედაქციაში მოვიდა და ძეგლის ფოტოები მოიტანა. გთავაზობთ კლარა შუკვანთან ჩაწერილ ინტერვიუს.
კლარა (თამარ) შუკვანი: სვანეთში მამიდის წლისთავზე ვიყავი ჩასული. შობის ღამეს მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წავედი და ამ დროს დავინახე რაღაც უსახური სიმახინჯე, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ, ღამით შემოუტანიათ, დაუმონტაჟებიათ. “სააკაშვილმა არ იცის ამ სიმახინჯის შესახებ, თორემ, ის ამას არ გააჩერებსო“, - დილით ასეთი “გონიერი“ ტყუილი გაავრცელეს აღშფოთებულ ხალხში და დღემდე ამით კვებავენ მესტიელებს.
გამომდინარე აქედან გადავწყვიტე ორშაბათს, 16 იანვარს სააკაშვილის რეზიდენციასთან მივიდე და იმ ადამიანებთან ერთად გავაპროტესტო მესტიაში სიმახინჯის დადგმა, რომლებიც აღშფოთებული და შეურაცხყოფილნი არიან წმინდა თამარ მეფის და მთელი ქართველის ერის შეურაცხყოფის გამო. ვიწვევ ყველას - მობრძანდით, ერთად გავაგებინოთ სააკაშვილს, რა სიმახინჯე დაამონტაჟეს მესტიის ცენტრში და მოვითხოვოთ ეს სიმახინჯე სასწრაფოდ მოაშორონ მესტიას.
ანუ, თქვენც ფიქრობთ, რომ ძეგლის დადგმის შესახებ სააკაშვილმა არაფერი იცის?
- როგორ გეკადრებათ?! მე ძალიან კარგად ვიცი, რომ სააკაშვილის ნებართვის გარეშე სვანეთში ჩიტიც ვერ შეფრინდება, ისეა ყველაფერი გასამხედროებული.
რას ამბობენ მესტიელები, როგორ აღიქვამენ ამ ძეგლს?
- ამ სიმახინჯეს სახელს ვერავინ არქმევს. ძეგლის დადგმის მეორე დღეს მისი ავტორი ჩამობრძანებულა, მაგრამ ხალხის რისხვისა და აღშფოთების შესახებ, რომ გაუგია, იმ წუთში გაქცეულა აეროპორტში და თვითმფრინავით თბილისში წამოსულა.
კულტურის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმება ვცადე. პრესსამსახურის უფროსმა მითხრა, რომ ძეგლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მივიღებ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობით კი თამარ მეფე მშობიარე ცხენზეა შესმული.
- პირველად მესმის. ვიმეორებ - სვანეთში ამ ძეგლს სახელს ვერავინ უძებნის. რაღაც ჯუჯა, საშინელებაა; ერთხელ, რომ შეხედავ, მეორედ შეხედვა არ მოგინდება.
მესტიის სეტის ადგილას სასტუმროს მშენებლობა დასრულდა?
- არ დასრულებულა. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ე.წ. ძეგლით ისე ვიყავი აღშფოთებული, რომ სხვა რამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ვუყურებდი და ჩემს თვალებს არ ვუჯერებდი, რომელმა ადამიანმა გაბედა ასეთი სიმახინჯის შექმნა!
მგზავრობის დროს შევიტყვე, რომ ზემოხსენებული ძეგლი თავიდან ადიგენის რაიონში ჩაუტანიათ, მაგრამ იქაური მოსახლეობა აღშფოთებულა და ძეგლის დადგმა ვერც გაუბედიათ. მერე სად ჰქონდათ გადანახული, ღმერთმა უწყის. ეს ხელისუფლება ქურდების წინააღმდეგ ბრძოლით თავს იწონებს და ამ დროს “ნაციონალები“ ქურდებივით თვითონ იქცევიან.
მიხეილ სააკაშვილი უწმინდესის არც ერთ ლოცვა-კურთხევას არ ასრულებს, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრობა და ურთიერთობა აქვს მეუფე კალისტრატესთან და ეგებ ჰკითხოს შეიძლება თუ არა წმინდანებისთვის ძეგლის დადგმა. ქება-დიდების ნაცვლად მეუფემ ეგებ დაარიგოს, თორემ, რომ აქებს, მძვინვარდება და ქართველების წინააღმდეგ უფრო მეტ უბედურებებს სჩადის.
ვინ არის ძეგლის ავტორი?
- ძეგლის ავტორის შესახებ თბილისში დაბრუნების შემდეგ შევიტყვე; ეს არის ვაჟა მელიქიშვილი. თბილისში, მუზეუმის წინ ერთი მახინჯი ქანდაკება იდგა - შეხედავდი და დასკვნას ვერ გამოიტანდი, ქალის ქანდაკება იყო თუ კაცის. მაშინ გავიგე, რომ ავტორს ეს ქანდაკება საკუთარი დედისთვის მიუძღვნია. როდესაც მელიქიშვილის ნამუშევრებს ინტერნეტის საშუალებით გავეცანი, აღმოჩნდა, რომ წლების წინ მუზეუმის წინ მდგარი სიმახინჯის ავტორიც ის ყოფილა.
ამ ქანდაკებებში შეიძლება ისეთი სიღრმეა, რომ მე და თქვენ ვერ ვწვდებით.
- ამ სფეროში სპეციალური განათლება მიღებული არ მაქვს, მაგრამ აღქმის უნარი გამაჩნია და წმიდა მეფე თამარის შეურაცხყოფის უფლებას, არც მელიქიაშვილს მივცემ და არც სააკაშვილს, ვინც არ უნდა იყოს შევაკვდები.
მესტიის სეტზე მშენებლობა, რომ დაიწყეს, ამაზე სვანები პროტესტი კი ჰქონდათ, მაგრამ მშენებლობა არ შეჩერებულად.
- ეშინოდეთ იმათ, ვინც სეტის ხელყოფაში მონაწილეობა მიიღო. ეს არის წმინდა ადგილი, რომელსაც ყოველთვის აკურთხებდნენ. ამ მოედანზე დაუშვებელი იყო რაიმე გასართობი ღონისძიების ჩატარება, ან მშენებლობა. ამ მოედანზე ხდებოდა ბრძოლის წინ ჩვენი ჯარის დალოცვა. ეს მოედანი იყო მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, უძლიერესი სალოცავის ეზო.
1995 წელს, წინასაარჩევნოდ შევარდნაძე მესტიაში ჩამოვიდა. ფარისევლებმა ეკლესიაში შესვლა იციან, თითქოს დიდი მლოცველები და მორწმუნეები იყვნენ და იქ შემობრძანდა. ჩანთაში ერთი კვერცხი მქონდა, ამოვიღე, ხელში დავიკავე და ტაძრიდან, რომ გამოვიდა, სვანური წესით ასეთი რამ ვუთხარი - რამდენადაც სამართლიანი იყო ქართველი ერის წინაშე, იმ სიმართლით გატაროს უფალმა. თუ მართალი იყო, ამ კვერცხივით მთელი იყავი. თუ არადა ასე გამსკდარიყავი-მეთქი და მივახეთქე ეს კვერცხი ეკლესიის კედელს (გარედან).
შევარდნაძეს გული წაუვიდა, შაქარმა აუწია, მთელი უბედურება დაემართა - თვითმფრინავში რომ ჩასხდნენ, თქეში წამოვიდა და ჭექა-ქუხილი, რომ დაიწყო, შევარდნაძე და მისი თანხმლები პირები 3 საათი ჰაერში ტრიალებდნენ. იძულებული გახდნენ მესტიაში დარჩენილიყვნენ. იმ ღამეს გრგვინვა იყო, ცა ჩამოიქცა. მეორე დღეს მესტიიდან მანქანებით წავიდნენ, მაგრამ გზაზე შეფერხდნენ და სანამ ტრაქტორი არ მიაშველეს, გზა ვერაფრით გაკვალეს. ასეთი რა დამწყევლა იმ სვანის ქალმაო, - უთქვამს. მას შემდეგ სვანეთში არ ჩამოსულა. ის, რაც გიამბეთ, ჩემი ძალით არ მომხდარა და ჰკითხოს სააკაშვილმა თავის სულიერ მამას რა განცდები ჰქონდა იმ პერიოდში.
სააკაშვილი სვანეთის დატბორვაზე ხელს თუ არ აიღებს, კარგი არაფერი მოელის. გარკვეულ სოფლებთან ერთად ლახამულას წმინდა გიორგის სალოცავი იტბორება და ამას წმინდა გიორგი არ აპატიებს; ისეთი რისხვა იცის, ისეთი რისხვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან მონღოლ-თათრების შემოსევა რომ იყო, მოსახლეობას ეკლესიის ეზოში დაუჩოქია და დახმარება უთხოვია - მტერი შენი ცეცხლით და მახვილით მოგვაშორეო;
ისეთი ცეცხლის წვიმა წამოსულა, რომ მტრის ჯარისკაცები და ცხენები დაუდვნია და მათგან მხოლოდ ნალები და ლურსმნები დარჩენილა, რაც დღემდე იმ ტაძარში სიმბოლურად ინახება. სააკაშვილი თუ დაინტერესდება, წავიდეს და მოინახულოს მტრის ურიცხვი ლაშქრიდან დარჩენილი ლურსმნები და ნალები.