ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიესალმება, რომ მოსკოვის მიმართულებით ძალიან ბევრი რეისია დანიშნული. კახა კალაძე გამოეხმაურა კომპანია "აირზენასა" და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის არსებულ დაპირისპირებას თბილისსა და მოსკოვს შორის განსახორციელებელ ფრენებთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ქართულ კომპანიასთან, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებდა.
"როგორც იცით, ძალიან ბევრი სხვადასხვა შეთავაზებები იყო, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა. უბრალოდ, მე მივესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი რეისია დანიშნული მოსკოვის მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს საქართველოში მოგზაურობით. რამდენიმე დღის წინ ვუყურებდით, რომ გამოკითხვით თბილისი არის პირველ ადგილზე საახალწლოდ სამოგზაურო ქალაქებში და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, - განაცხადა კახა კალაძემ.
"აირზენას" გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რომელთა შორის არის რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; აგრეთვე ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება; სააგენტოდან წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრების გათავისუფლება და "ჯორჯიან ეარვეიზისთვის~ ფლაგმანის სტატუსის აღდგენა.