არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი მოწინავე და თანამედროვე ორგანიზაცია, რომელშიც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნაწილი მუშაობს. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მისი დანიშვნის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმასაც ვგეგმავ, ალბათ ჯერ ნაადრევია საუბარი. მოგეხსენებათ, აქამდეც საკმაოდ რთულ სისტემაში ვმუშაობდი და ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რთული მისია, თუმცა შესაძლებელი. ვეცდები, ისევე როგორც ეს იყო ჩემს წინა სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვემსახურო ადამიანებს, მათ ინტერესებს და ქვეყანას გონივრულად და პატიოსნად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, მიმდინარე საკადრო გადაადგილებები არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის გუნდის შესუსტება, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები უფრო საქმეს უკავშირდება, ვიდრე პოლიტიკას.
"თუ პოლიტიკა არის საქმე და შედეგები, მაშინ ამასაც შეიძლება დავარქვათ პოლიტიკა, მაგრამ მე, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაადგილება უკავშირდება მხოლოდ საქმის კეთებას და ვეცდები საქმე გავაკეთო სწრაფად და ეფექტურად. ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი მოწინავე და თანამედროვე ორგანიზაცია, რომელშიც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნაწილი მუშაობს. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა პოლიციელებს, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან ყოველდღიურად, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.