ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი წერეთელი პორტუგალიის პარლამენტის წევრის, ჟუაო სუარესის წერილს საქართველოსთან დაკავშირებით საყურადღებოს უწოდებს.
გიგი წერეთლის განცხადებით, უცხოელი პოლიტიკოსი თავის წერილში შემაშფოთებელს უწოდებს იმ პოლიტიკურ პროცესებს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
,,გუშინ ჩვენ ვნახეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ძალიან მძიმე დასკვნა იმ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხდება. ეუთოს დასკვნის თანახმად, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი წერილი ევროპელი პოლიტიკოსის, რომელიც პირადად დავით უსუფაშვილის სახელზეც გამოიგზავნა. ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის ყოფილი პრეზიდენტი და პორტუგალიის პარლამენტის მოქმედი წევრი, ჟოაო სუარესი წერილში კრიტიკულად აღნიშნავს იმ პოლიტიკურ ბუნებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ის გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელისუფლების ასეთი მოქმედება დემოკრატიას უკან ხევს, რაც მიმდინარე პროცესებზე ნეგატიურად მოქმედებს. ის ძალიან უარყოფითად არის განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული პროცესებისადმი. მთავრობამ თუკი ასეთი განცხადებები არ გაითვალისწინა და არ შეცვალა პოლიტიკა, ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი შედეგები", - განაცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პორტუგალიის პარლამენტის წევრი ჟუაო სუარესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავს.
ჟუაო სუარესის განცხადებით, იგი ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე შიდა მოვლენებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით ბოროტად გამოყენების ინფორმაციის ფონზე.
"არაერთმა საერთაშორისო მონაწილემ, მათ შორის OSCE/ODIHR-ისა და ეუთო-ს რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება სასამართლო პროცესების სამართლიანობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ან პატიმრობაშია (ძირითადად წინასწარ პატიმრობაში) ან ბრალდების/გამოძიების ქვეშ არის", - ნათქვამია სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის წერილში.
ჟუაო სუარესის განცხადებით, ყოველივე ეს ჩრდილს აყენებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების პროგრესს.