რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ დოკუმენტს იურიდიული საფუძველი არ ექნება

რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ დოკუმენტს იურიდიული საფუძველი არ ექნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, დე ფაქტოდ ანექსია უკვე მოხდა, ამიტომ რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ არანაირ დოკუმენტს იურიდიული საფუძველი არ ექნება. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის მიერთების საკითხს ჩადებს.

"1990-იანი წლების შემდეგ ფაქტობრივად ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიმართულებით, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმედ საკონტროლებელი გახდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ სრული კონტროლი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც დავკარგეთ ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა. ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ აქ კონტროლი არის ძალიან რთული. ერთადერთი ძალა რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის საერთაშორისი დახმარება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამას ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ. ბუნებრივია, რუსეთი განაგრძობს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაბიჯ-ნაბიჯ ანექსიას და ამის წინააღმდეგ ძალა არის სწორედ საერთაშორისო მობილიზება და სანქციები, რომლებიც დღეს ასევე აქტიურად არის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მინისტრი იმას, რომ მართლაც მოხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთის ფედერაციისადმი, სოზარ სუბარი პასუხობს, რომ "არანაირ ნაბიჯს, რაც არ უნდა გადადაგას რუსეთმა არ ექნება იურიდიული ხასიათი და იურიდიული გაგრძელება. დე ფაქტოდ ანექსია არის უკვე მომხდარი, იქ არის რუსეთის სამხედრო ბაზები, რუსული ადმინისტრაცია, რუსული მმართველობა, მიმოქცევაში არის რუსული რუბლი, რუსეთის კანონებია, იქ დგანან რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ. ასე, რომ რა დოკუმენტსაც არ უნდა მოაწერონ ხელი, ამას არ ექნება იურიდიული საფუძველი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.