ოფიციალური თბილისისთვის ლეონიდ თიბილოვის განცხადება შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველია

ოფიციალური თბილისისთვის ლეონიდ თიბილოვის განცხადება შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველია

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას მოინდომებდა.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ამ თემაზე უკვე დაწყებულია პარტნიორებთან მუშაობა, საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და ყველა ინფორმირებულია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებით გავეცანით ამ განცხადებას. ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული განცხადება როგორც ცხინვალიდან, ასევე რუსეთიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გათვითცნობიერებულია და მათი ძალისხმევით ხდება ასეთი განცხადებების გაკეთება. ჩვენი ქმედითი ბერკეტი არის ის მოლაპარაკებები პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყველა ფორმატში, რათა ავტეხოთ განგაში, რომ ეს ხდება და მოვითხოვოთ მათი მხარდაჭერა. ეს არის ერთადერთი დიპლომატიური ბერკეტი, რაც არსებობს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება მოისურვა.