ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პორტუგალიის პარლამენტის წევრი ჟუაო სუარესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავს.
ჟუაო სუარესის განცხადებით, იგი ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე შიდა მოვლენებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით ბოროტად გამოყენების ინფორმაციის ფონზე.
"არაერთმა საერთაშორისო მონაწილემ, მათ შორის OSCE/ODIHR-ისა და ეუთო-ს რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება სასამართლო პროცესების სამართლიანობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ან პატიმრობაშია (ძირითადად წინასწარ პატიმრობაში) ან ბრალდების/გამოძიების ქვეშ არის", - ნათქვამია სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის წერილში.
ჟუაო სუარესის განცხადებით, ყოველივე ეს ჩრდილს აყენებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების პროგრესს. მისივე თქმით, 2012 წლის ოქტომბერში, პირველად არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა ქართული დემოკრატიის განვითარების ილუსტრირება იყო.
როგორც პორტუგალიელი პარლამენტარი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ სვლა და არ დაუშვას ქვეყნის რეგრესი.
ჟუაო სუარესი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასამართლება, მისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მისი ოჯახის ქონების დაყადაღება, რომელსაც ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, ამ და სხვა გამოძიებების პოლიტიკური ხასიათი ძირს უთხრის ხელისუფლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ კანონის უზენაესობა დაცულია", - ნათქვამია ჟუაო სუარესის წერილში.
მისივე განცხადებით, საქართველოში დემოკრატიასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. სუარესის თქმით, საქართველომ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის იმპელემენტაციაც საქართველოს მხრიდან, სპეციალური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესრულებას მოითხოვს, მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში.
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მტკიცედ დაიცვას კანონის უზენაესობა, ეუთო-ს სტანდარტები და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ჟუაო სუარესის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.
წერილის ინგლისურ ვერსიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.