დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო ფიგურაა.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელი უფრო პრორუსულადაა განწყობილი ვიდრე სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობა.
,,ეს ყოველთვის ასე იყო. თიბილოვი ამ პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო პაიკია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რასაც ის აცხადებს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ,ოლეგ გოვორუნთან.
"გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა თიბილოვმა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, სამართალდამცველი ორგანოების, მედიცინის, კულტურის, განათლებისა და ენის განვითარების საკითხებსაც. თიბილოვის ცნობით, მომავალ შეთანხმებაში შევა ასევე, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის საკითხიც.