ადამ კინზინგერი - რუსეთის აგრესია საქართველოში დაიწყო და უკრაინით შესაძლოა, არ დამთავრდეს

ადამ კინზინგერი - რუსეთის აგრესია საქართველოში დაიწყო და უკრაინით შესაძლოა, არ დამთავრდეს

უკრაინის პროცესები 2008 წელს საქართველოში დაწყებული მოვლენების გაგრძელებაა, აქედან გამომდინარე, ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინით, შესაძლოა, არ დამთავრდეს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის ავტორმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გვაშფოთებს რუსეთის ქმედებები რეგიონში. ფაქტია, რომ რაც უკრაინაში ხდება, პირველი შემთხვევა არ არის. ეს, ფაქტობრივად, 2008 წელს საქართველოში დაწყებული მოვლენების გაგრძელებაა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის უკანონო ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინით, შესაძლოა, არ დამთავრდეს. შეერთებულმა შტატებმა 1930-იან წლებში ისწავლა, რომ ტირანებს დროულად უნდა აღუდგეს წინ. კონგრესის რეზოლუცია მკაფიო სიგნალია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობისადმი, რომ ამერიკა და დასავლეთი მათ გვერდით დგას. ამ რეზოლუციით მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, რათა მან თავი დაიცვას. რამდენად რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს უკრაინა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც აგრძელებს. როგორ უნდა შეიცვალოს ეს? საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაინახოს, რომ ყირიმის ანექსიით ის უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იგებს. იგივე უნდა მოხდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და იმედია, ეს დღე დადგება. პუტინი ვნებს რუსი ხალხისა და რუსეთის რეპუტაციას შინ და გარეთ", - განაცხადა კინზინგერმა. 

მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა წარმომადგენელთა პალატის პოზიციის გამოხატვა მათი მოვალეობა იყო. კინზინგერის თქმით, უკრაინას იარაღი საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ესაჭიროება და თუ ამ დახმარებამ პუტინი გააღიზიანა, მისი პრობლემაა. 

"ყირიმი უკრაინის ნაწილია. არ მგონია, ჩვენმა დახმარებამ უფრო დიდი ტერიტორიული კონფლიქტი გამოიწვიოს, თუმცა რუსეთმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს მიმდინარე აგრესიის ფასი", - დასძინა კინზინგერმა.