"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი კარბელაშვილი ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისთან" დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო "ჯორჯიან ეარვეისს" გვერდით არ დაუდგება, ავიაკომპანია გაკოტრდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კარბელაშვილმა განუცხადა, რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტის" საქართველოში შემოყვანა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
"აეროფლოტის" შემოყვანა საქართველოში იყო არასწორი და უღირსი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი "აეროფლოტი" არის რუსული სახელმწიფო კომპანია. გარდა ამისა, სექტემბერში ორი-სამი რეისი შეასრულა სოხუმში, რაც, რა საკვირველია, იცის ჩვენმა ხელისუფლებამ, უნდა იცოდეს. ცოტა ხნის წინ ამის გაფიქრებასაც კი ვერ ბედავდნენ, რომ ვინმეს რეისი შეესრულებინა. როდესაც იცი, რომ სოხუმში რეისებს ასრულებს და ამ დროს ნებას რთავ, რომ საქართველოში შემოვიდეს, ეს უღირსი გადაწყვეტილებაა. აქედან გამომდინარე, სწორია "ჯორჯიან ეარვეისის" პოზიცია, რომ ცუდ მდგომარეობაში ვარდება ქართული კომპანია, რადგან ვერ გაუწევს კონკურენციას, როდესაც სიხშირეების განაწილებაზეა საუბარი. თუ სახელმწიფო არ დაუდგა გვერდით, "ჯორჯიან ეარვეისი" გაკოტრდება. მთელი თბილისი აჭრელებულია "აეროფლოტის" რეკლამებით, რომლის უკან არის რუსული დროშები", - აცხადებს კარბელაშვილი.
დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" დღეიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა, რომლებიც მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირის 14 ოდენობით განსაზღვრას აპროტესტებდნენ, დღეს 8-პუნქტიანი მოთხოვნები წარმოადგინეს, რომელთა შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაც შედიოდა. "ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული რეისების საკითხის ეროვნული ავიაგადამზიდავის ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტას ითხოვს, რაც კომპანიის დირექტორის იასე ზაუტაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრაშია. კერძოდ, ზაუტაშვილის თქმით, ის მომხრეა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების აღდგენის, მხოლოდ იმ პირობებებით, რაც მოქმედებდა ფრენების შეწყვეტამდე და რომელიც გულისხმობს 10-10-ზე ფრენების სიხშირეს ორივე ქვეყნიდან. მოგვიანებით "ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. შეთანხმების მიხედვით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვამდე, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე კვირაში 10-10 რეისი იქნება.