როდესაც ყოფილი "გაიშნიკი" და იურისტი ბიოლოგს ნარჩენების მართვაზე რაღაც პათოსით ესაუბრება, ძალიან ძნელია იკამათო. რთულია, საერთოდ პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტში იმუშაო, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ.
დეპუტატის თქმით, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან პარლამენტი აბსურდული კანონის მიღებას აპირებს. ხაჩიძე პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილის გამოსვლასაც გამოეხმაურა.
"ცაგარეიშვილისთვის შეიძლება ეს ყველაფერი ახალი იყოს, რადგან რა უნდა იცოდეს გია ცაგარეიშვილმა გარემოს დაცვის შესახებ. თუ რამე ტერმინს მოკრა ყური და სადღაც რაღაც გაიგონა, ეს არის მისი ცოდნა. მისი გამოსვლებიც ვერა და ვერ გასცდა ცხრა წელიწადს და ეს ცხრა წელი გარემოს დაცვაშიც გადმოიტანა. ბატონო გია, სიცრუეს ამბობთ, რომ საქართველოში მთლიანად 9 ინსპექტორი იყო, რომელიც ახლა 300 გახდა და მომავალ წელს კიდევ გაიზრდება. ამ დამატებების ფონზე რატომ ხდება, რომ ისევ ნაგვით არის ის ადგილები სავსე, რომელიც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო?! ერთი პრობლემა მითხარით, რომელიც მოაწესრიგეთ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამჟამად უკვე ოპოზიციონერ გია ცაგარეიშვილს მივმართავ, რომელიც ამ კოდექსის დიდ გულშემატკივრად მოგვევლინა. მახსოვს თქვენი პირველი გამოსვლა ტყიბულში აღინიშნა, როდესაც მდინარეზე დამაყენეთ და მითხარით, რომ ერთ წელიწადში რომ ამოვალთ აქ, ნახავთ რა ფერის წყალი იქნებაო. ახლაც ავიდეთ და მომავალ წელიწადშიც და ვნახავთ, რომ იქ ისევ ის შავი ლუმპე მოდის. მეორე გასვლა მოჭრილი ხეების ფონზე იყო და გახსოვთ, როგორ ადანაშაულებდა ვიღაცას, რომ მისი ბუნება ხელყვეს. მაშინ როდესაც გაირკვა, რომ ივანშვილიის კომპანია დღესაც პრაქტიკულად რეგულაციის გარეშე ჭრის ხე-ტყეს, ძალიან საინტერესო პოზიცია დაიკავა. მას ხმა არ ამოუღია. ახლა რამდენიც არ უნდა აქოთ ეს კოდექსი, ფაქტია, რომ ეს არის აბსურდული დოკუმენტი, რომლის მიღებას ვაპირებთ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ პლენარულ სხდომაზე.