როდესაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება იდეალურზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე განაცხადა, რომელზეც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.
მიღება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელები ესწრებიან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, თუმცა, როდესაც ამაზეა საუბარი, იდეალებს უნდა შევადაროთ. პრეზიდენტმა სახალხო დამცველს 2014 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ ნებისმიერი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ის მის გვერდით იქნება, რათა საზოგადოება გააერთოანოს ამ პრობლემის წინააღმდეგ.
"მე ვარ თქვენს სამსახურში, როცა იქნება პატიმრების წამება, მე ვარ თქვენს სამსახურში, როცა იქნება ქალთა უფლებების დარღვევა, რელიგიური, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების მიმართ უფლებების რღვევა, თქვენს გვერდით ვიქნები, რათა ერთად გავახმოვანოთ პრობლემები და საზოგადოება გავაერთიანოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო შეიქმნა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, ინდივიდები და მათი უფლებები. "ნებისმიერი სახელმწიფოს აზრი და არსი უზრუნველყოფს საზოგადოების დაცვას. იგივე იდეით არის შექმნილი ქართული სახელმწიფო. არა მხოლოდ ომბუდსმენი, არამედ მთელი საქართველო უნდა იყოს მოწოდებული სახელმწიფოს, ქვეყნისა და თითოეული ინდივიდის უფლებების დაცვისკენ. ბოლო ორ წელიწადში გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ინდივიდების დაცვის კუთხით, თუმცა ყველაზე დიდი საშიშროება თვითკმაყოფილებაა და ეს თვითკმაყოფილება მძიმედ დაგვირგვინდა, როდესაც ქალებზე ძალადობამ უცნაურად ამოხეთქა საზოგადოებაში. ამ პრობლემის დაძლევას კლიშეების დამსხვრევით ვიწყებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო დამცველიც. მან ადამიანის უფლებების კუთხით წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ მიმართულებით დღემდე არსებობს. ამ კუთხით სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ ძალადობა, უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება და კიდევ არაერთი საკითხი ჩამოთვალა.