"საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე"

კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მოთხოვნა - დაცული, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სურვილად არ დარჩეს

"66 წლის წინ, გაერო-ს საერთაშორისო დეკლარაციაში ადამიანთა უფლებების შესახებ გაკეთდა ჩანაწერი: ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებებით და უფლებებით.

თანამედროვე მსოფლიოს მოქალაქის მთავარი ღირებულებაა - თავისუფლება.

მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და არც საქართველოა სამწუხაროდ, გამონაკლისი.

თითოეული ჩვენგანის: კანონმდებლების, საზოგადოებრივი ჯგუფების და ცნობადი სახეების, სახელმწიფო სამსახურების, პოლიტიკოსების უმთავრესი მოვალეობაა ვუზრუნველყოთ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის დაცულობა - საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე, არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ეთნიკური თუ კონფესიური ნიშნის მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მოთხოვნა - დაცული, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქე არ დარჩეს თითქმის საუკუნის წინ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სურვილად, ვინაიდან არანაირ წინსვლას, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებას არ აქვს აზრი ძალადობის და შეუწყნარებლობის ფონზე", - აღნიშნული ვიცე-პრემიერის განცხადებაში.