საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა

11-12 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდება.

ვიზიტის ფარგლებში ჰოვიკ აბრაჰამიანი პირისპირ შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

12 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს, ასევე ეწვევა გრიგორიანულ ეკლესიას. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისს 12 დეკემბერს დატოვებს.