მაქვს განცდა, რომ კორუფცია რაღაც მეტასტაზებს იდგამს საჯარო სამსახურებში- ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, პროკურატურის მიერ თბილისის რაიონის გამგეობებში დაწყებული შემოწმების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, თუ საბიუჯეტო ხარჯებში ხელის ფათური და ნათესავებისთვის არასწორი გადარიცხვები მიმდინარეობდა,კარგია , რომ მაკონტროლებლები შევიდნენ. ელისაშვილი ჟურნალისტებს მერის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის, ანაზღაურებითა და დანამატებით დაინტერესებაც ურჩევს.
„ხელის ფათური მიმდინარეობდა საბიუჯეტო ხარჯებში და მიმდინარეობდა არასწორი გადარიცხვები ნათესავებისთვის, ოჯახის წევრებისთვის. მეც მაქვს განცდა, რომ კორუფცია რაღაც მეტასტაზებს იდგამს საჯარო სამსახურებში. ამდენად, თუ მაკონტროლებლები შევიდნენ, ძალიან კარგია და მივესალმები. დაინტერესდით, რაში იღებს მარგიშვილი ამხელა ხელფასს. მე ვერაფრით ვერ ვხვდები, მე არ მემეტება იმდენი თანხა, რამდენსაც ის თავისთავს უწერს. თვეში იღებს იმდენ ხელფასს, რამდენსაც მე ერთ წელიწადში ვიღებ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.