"კურსის ვარდნის დროს პრემიერი რომელ სოროში იყო შემძვრალი კაცმა არ იცის"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ახალმა ხელისუფლებამ საერთაშორისო არენაზე საქართველო ვალოდია ჯინჭარაძის როლში ჩააყენა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბობოხიძე ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს შეეხო და განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნის დროს, საზოგადოებას პანიკისგან ზურაბ ჯაფარიძე იცავდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, დამალული იყო. „თქვენი პრემიერი რომელ სოროში იყო შემძვრალი კაცმა არ იცის, ამ ფონზე კი, მის თანაგუნდელებს ჭიხვნიდნენ. გუშინ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს სანქციები რატომ არ დააწესებინაო. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ან ანალიზის ელემენტარული უნარი არ აქვს, ან მას ასე საუბარი სჭირდება. როდესაც, ამერიკა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას იწყებდა, მაშინ მსოფლო სანქციების დაწესებაში ვერ დავარწმუნეთ, თქვენ კი, ამჟამად ის მოახერხეთ, რომ რუსეთის სანქციების წინააღმდეგ სიაში ვერ მოხვდით და საქართველო ვალოდია ჯინჭარაძის როლში ჩააყენეთ. მსოფლიომ საქართველოზე არაფერი იცის, რომ არა ყოფილი პრეზიდენტის აქტიურობა. თქვენ უკრაინაში მხოლოდ გოგა ხაინდრავა და ქეთი დოლიძე მიავლინეთ. ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის, მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია, რადგან თქვენ ფეხზე დაყენებული ქვეყანა და ეკონომიკა დააზარალეთ“, - განაცხადა ბობოხიძემ სხდომაზე.