სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე , თბილისის რაიონების გამგეობებში შემოწმების მიზეზებსა და პროცედურებს განმარტავს. მალაღურაძის განცხადებით, დოკუმენტალური შემოწმების შედეგად გაირკვევა, გამგეობების მხრიდან კონკრეტულად ვისზე იქნა ხელშეკრულებები გაფორმებული. რევიზია ასევე სწავლობს დოკუმენტების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც დადგინდება შესრულდა თუ არა გამგეობების მიერ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით, გათვალისწინებული ვალდებულებები.
„დოკუმენტალური შემოწმება მოიცავს კონკრეტულად ვისზე იქნა ხელშეკრულება გაფორმებული, შესაბამისობაში არის თუ არა თანხები გაწეულ მომსახურეობასთან. არსებობს თუ არა მიღება ჩაბარების აქტი , შესრულდა თუ არა კონკრეტულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები,“-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის უწყებებს პროკურატურა ამოწმებს. სამართალდამცველებს აინტერესებთ, რამდენად კანონიერად დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები თბილისობის დღესასწაულის დაფინანსებისას.
შემოწმების თხოვნით, პროკურატურას თავად მერიამ მიმართა. არ არის გამორიცხული, მასალების შესწავლის შემდეგ კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.