როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და შესაბამისი დავალებები უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს უკვე მიეცა.
მისივე თქმით, დავით სუჯაშვილს დაევალა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც პარლამენტი, არასამთავრობოები, მოწვეული სპეციალისტები და მთავრობა ჩაერთვება. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთაც მთავრობა განიხილავს და შემდგომ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.
„წინასაარჩევნო დაპირებაში გვეწერა, რომ შსს-დან მოხდებოდა უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფა და პოლიციის სამინისტრო დარჩებოდა ცალკე, უსაფრთხოების ბლოკი კი იქნებოდა ცალკე, სააგენტოს ან სამინისტროს სახით. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს დავავალე სასწრაფოდ შექმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს შინაგან სამინისტროს რეფორმირება. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და კარგი მომზადება-დაგეგმარება სჭირდება, რათა ყველა რისკის შეფასება მოხდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2 წლის განმავლობაში ხელისუფლება შეგნებულად არ და ვერ ატარებდა ამ რეფორმას, რადგან იყო გარდამავალი პერიოდი და სრულყოფილი რეფორმის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა.
„იყო რთული გამოწვევები და ეს გამოწვევები ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ამ 2-წლიან გარდამავალ პერიოდში ვერ შევძლებდით ამ სამინისტროს რეფორმას და გარდაქმნას. მიმაჩნია, რომ დღეს ამის დროა, რომ დავიწყოთ მსჯელობა. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღია და გამჭვირვალე იქნება. გვექნება საშუალება დავსხდეთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, როგორი მოდელი იქნება მისაღები ჩვენი ქართული რეალობისთვის, როგორი მოწყობა იქნება უფრო ოპტიმალური. შეიძლება უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იყოს პოლიციური დანაყოფები. ეს იდეის დონეზეა და კარგი დაგეგმარება სჭირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, როდის და რა ფორმით მოხდება სამინისტროს რეფორმირება, ამაზე რეკომენდაციებს სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს.