„ბიძინა ივანიშვილს აქვს პოლიტიკური მიზნები, მაგრამ პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მოძრაობაა და არა პოლიტიკური“, –მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წევრები.
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ იურისტთა ჯგუფის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს ნათია მოგელაძეს "პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების" განმარტებას სთხოვს. მისი თქმით, 5 იანვარს საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ მიუვიდა კონტროლის პალატის მოხელის, ნათია მოგელაძის წერილი, სადაც მოგელაძე „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან დღემდე გაწეული ხარჯების და, ასევე, მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.
ნათია მოგელაძის მოთხოვნა იმ არგუმენტს ემყარებოდა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მიზნები და ამოცანები ჰქონდა გაცხადებული.
„უნდა განვაცხადო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი არ განმარტავს, რა არის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე, „ქართულ ოცნებას“ არასდროს განუცხადებია რაიმე პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების ქონის შესახებ. „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივი იურიდიული პირია, რომელიც დაფუძნებულია იმ ამოცანებითა და მოსაზრებებით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კანონი. მას, როგორც იურიდიულ პირს, პოლიტიკასთან კავშირი არ გააჩნია. სწორედ ეს მივწერეთ მოგელაძეს და მოვთხოვეთ, განემარტა ჩვენთვის, რომელი კონკრეტული განცხადებები მიაჩნია მას პოლიტიკურად“, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე.
თავის მხრივ, 2012 წლის 9 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით მიმართა ნათია მოგელაძეს. ბიზნესმენის თქმით, „ქართული ოცნება“ არ იზიარებს ნათია მოგელაძის მოსაზრებას, თითქოს საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ განცხადებული აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „საზოგადოების მიზნები და ამოცანები ჩამოთვლილია საზოგადოების წესდების 1,7 პუნქტში და ისინი მოიცავს შემდეგს:
- ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ხელშეწყობა;
- თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა;
- თავისუფალი მედიის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
- ქართული ეთნო-კულტურული ტრადიციების დაცვა და პოპულარიზაცია;
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების და თვითმყოფადობის დაცვა; მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
- თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა და არჩევნების მონიტორინგი;
- სახალხო დიპლომატია;
- თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
- თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
- კულტურული და სამეურნეო მემკვიდრეობის დაცვა და სხვა.
ბიძინა ივანიშვილის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილ მიზანთაგან არცერთი არაა პოლიტიკური მიზანი და ამოცანა. სწორედ ამის გამო ნათია მოგელაძის განცხადება დაუსაბუთებელია.
კონტროლის პალატის ახლადშექმნილი სამსახურის – პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის – მთავარი საქმიანობა „ქართული ოცნების“ შემოწმება რომ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ნათია მოგელაძე არც მალავდა, რომ პირველ რიგში, „ქართული ოცნების" ფინანსურ საქმიანობას შეისწავლიდა და არა – „ნაციონალების“ ანგარიშებს. მართლაც, ნათია მოგელაძემ უახლოეს ხანში „ქართული ოცნების“ ფინანსები გაასაჯაროვა. ჩამონათვალში მოყვა მოძრაობის მიერ მედიისთვის გადახდილი სარეკლამო თანხებიც.
ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილსაც გაუჩნდა კითხვები. ბიზნესმენი დაინტერესდა, რამდენად კანონიერად მოქმედებდა ნათია მოგელაძე, როცა ერთპიროვნულად მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციას თურმე გაცხადებული ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
„საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე წესებს, თუ როგორ ან ვის მიერ უნდა დადგინდეს, რომ იურიდიული პირი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირია“, – განმარტავს ბიზნესმენი.
აქვე ბიძინა ივანიშვილს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიაჩნია 2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამეტის მიერ მიღებული კანონები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები ბუნდოვანია იმისთვის, რომ პირმა განჭვრიტოს თავისი ქმედების იურიდიული შედეგები და განსაზღვროს, ვრცელდება თუ არა მასზე ამ ცვლილებით დადგენილი შეზღუდვები.
„გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილება თავდაყირა აყენებს თავად კონტროლის პალატის დანიშნულებას, რომლის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვის ზედამხედველობაა და არა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და მით უმეტეს, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ კერძო წყაროებისგან მიღებული შემოსავლების და არასახელმწიფო სახსრების ხარჯვის მონიტორინგი,“– ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, ზემოთქმულის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კონტროლის პალატას მაინც წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა გაექარწყლებინა ნებისმიერი ეჭვი, თითქოს „ქართულმა ოცნება“ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებით იყოს დაკავებული. ამასთან, „ქართული ოცნების“ ინფორმაცია მხოლოდ 2011 წლის 30 დეკემბრიდან (ანუ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლიდან) 9 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
823
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85