საქართველოში საწვავის ფასის გაზრდამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ახალი წლის პირველივე დღეებში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი “პოლიტიკურად გაძვირდა”. ირანის ირგვლივ შექმნილმა დაძაბულობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ შანსს კი ხელიდან არ გაუშვებენ ათას ტანკერზე გავლილ-გამოვლილი ქართველი მენავთობეები. დიდი ალბათობით საწვავი დღე-დღეზე გაძვირდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი იზრდება. მისივე თქმით, ბოლო 20 დღის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობი მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე 8-10 დოლარითაა გაძვირებული.
“ამ პერიოდის განმავლობაში გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ბენზინისა და დიზელის საწვავზე, დაახლოებით, 80 დოლარით 1 ტონაზე. 9 იანვრის მდგომარეობით, ბენზინის საერთაშორისო ფასი შეადგენს 959.50 დოლარს - ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის - 952.50 დოლარს_ტონაზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ევრო ზონაში არსებული კრიზისი და ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდა. თუმცა, შემდეგ დაიწყო ირანის გარშემო ვითარების გართულება, რასაც მოჰყვა უკვე ნავთობის ფასის ზრდა.
კერძოდ, აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია) კატეგორიულად ითხოვენ ირანის ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თავის მხრივ ირანი იმუქრება, რომ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში გადაკეტავს ორმუზის სრუტეს. ორმუზის სრუტით ხორციელდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტი. ყოველდღიურად დაახლოებით 16-17 მლნ ბარელი ნავთობის გადაზიდვა ტანკერებით. ორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში ვაშინგტონი ირანს ძალის გამოყენებით ემუქრება”, - აცხადებს ვანო მთვარალაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, დღეისათვის ირანული ნავთობის ექსპორტი დღე-ღამეში 2,6 მლნ ბარელს აღწევს, რომლის დაახლოებით 20 პროცენტს ჩინეთი ყიდულობს. ირანიდან ნავთობის იმპორტზე მნიშვნელოვნად არიან ასევე დამოკიდებულნი თურქეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია. მათ არ ძალუძთ ირანული ნავთობის სხვა ნავთობით ჩანაცვლება.
“თავის მხრივ, ევროპაში ირანული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი ქვეყნები (საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია) მოითხოვენ, რომ ირანული ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს მოქმედება არ იყოს მყისიერი და განხორციელდეს ეტაპობრივად გარკვეული დროის განმავლობაში.
მიმდინარე დღეებში ნავთობის უმსხვილესმა მომხმარებელმა ქვეყნებმა გამართეს კონფიდენციალური შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ ერთობლივად ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვის შემთხვევაში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ასევე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომ ორმუზის სრუტეში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან გამოიყოს ევრო ზონისათვის და იაპონიისთვის 10 მლნ ბარელი ნავთობი და 4 მლნ ბარელი ბენზინი, დიზელი და სამანქანო ზეთი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში”, - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.
ნავთობის ფასი ახლო მომავალში დამოკიდებული იქნება ირანის გარშემო შექმნილ ვითარებასთან. იქ არსებული ვითარების ესკალაცია გამოიწვევს ნავთობის ფასის მატებას, ხოლო მისი განმუხტვა - ნავთობის ფასის შემცირებას.
ერთი სიტყვით, საერთაშორისო ბაზარზე ისეთი დაძაბული ვითარეება, რომ ქართველ მენავთობეებს “სრული უფლება” აქვთ საწვავი გააძვირონ. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ამ “უფლების” გამოყენებას დიდი დრო არ დაჭირდება. თუკი მსოფლიო ბაზარზე ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა (ნავთობის გაიაფებისკენ), სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ბენზინისა და დიზელის ფასი მინიმუმ 5 თეთრით მოიმატებს; ხოლო თუკი ირანის გარშემო შექმნილი ხელოვნური დაპირისპირება პიკს მიაღწევს, მაშინ საწვავის ფასიც საქართველოში ჯერარნახულ სიმაღლეებს დაიპყრობს.
815
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85