ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას აზრით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც გაცვლით კურსზე დადებითად იმოქმედებს.
გვასალიას თქმით, ლარის კურსზე გავლენას ბევრი ფაქტორი, მათ შორის საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში - თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში ვალუტებთან დაკავშირებული მსგავსი, რთული ვითარებაა.
"საერთოდ დოლარი მთელს მსოფლიოში გამყარდა. ამან ბუნებრივია, გავლენა ჩვენს ქვეყანაზეც მოახდინა. ასევე წლის ბოლოს უნდა შესრულდეს ბევრი ბიზნეს კონტრაქტი და მათი ფინანსური გადახდები. პროცესზე გავლენა მოახდინა ასევე სეზონურმა ფაქტორებმაც, შემცირებულია ტურისტული ნაკადი, რამაც თავის მხრივ ქვეყანაში ვალუტის შემოსვლა შეამცირა. ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის პრევენციული ჩარევები დროული იყო. რა თქმა უნდა, დოლარი ლართან მიმართებაში წონასწორობის ახალ კურსს შეინარჩუნებს, მაგრამ ეს ისეთი კატასტროფული არ იქნება, რომ ამან ფასებზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, სხვა პარამეტრებთან მიმართებაში, როგორც საგადამხდელო ბალანსთან ასევე საშემოსავლოსთან ბუნებრივია, ამას თავისი გავლენა ექნება, მაგრამ არა ისეთი, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ამან უარყოფითი გავლენები მოახდინოს", - განაცხადა გვასალიამ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრის 2-წლიანი მუშაობის ანგარიშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნოდარ ხადურმა ბიზნესისთვის დეტალური ინფორმაცია წარადგინა.
"ყველა ის პარამეტრი რაც ითქვა, იმის საფუძველს იძლევა, რომ ეკონომიკური ზრდა ნამდვილად იქნება 5%-ზე მეტი. ბიზნესისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მოლოდინების შეფასება, რომელიც 2015 წლისთვისაა მოასალოდნელი და ეს ინფორმაციაც მინისტრის მიერ ღიად იყო მოწოდებული", - აღნიშნა გვასალიამ.