ონიკ კრიკორიანი, "Observateur"
1990-იან წლების დასაწყისში გაჩაღებული სამი ამიერკავკასიური კონფლიქტი, მეორე პლანზე გადავიდა ყოფილ იუგოსლავიაში ომის გამო, რომელიც ამ კონფლიქტებს დროში დაემთხვა. დასავლურ მედიას ეს კონფლიქტები ძველებურად არ აინტერესებს.
მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს მთიანი ყარაბახის გამო. ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი – ასეთია საქართველოსგან ორი სეპარატისტული რეგიონის (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) გამოყოფის შედეგები. ეს კონფლიქტებიც თითქმის იმავე პერიოდში მოხდა.
რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებების განახლება სამხრეთ ოსეთში, რომელმაც პიკს რუსეთს და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიაღწია, უცხოური გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვდა, მაგრამ ზოგადად, ამიერკავკასიაში მცხოვრები ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ინტერესი უმალ ქრება, როგორც კი იქ საზავო შეთანხმებას აფორმებენ.
მტკიცებულებები, როგორც იქნა, ქსელში გამოქვეყნდა
თავად სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში (აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მთიან ყარაბახში) ადგილობრივი მედია იშვიათად ინტერესდება ლტოვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებით, თუ არ ჩავთლით ისეთ შემთხვევებს, როდესაც მათ „მტრის“ წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ.
დევნილების პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ამოცანას საკუთარ თავზე როგორც წესი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები იღებენ – დიდწილად სპონსორების მოზიდვის მიზნით.
იმავდროულად, მცირეოდენი მინიშნებაც კი არ არსებობს იმაზე, რომ ამ სამი კონფლიქტიდან რომელიმე თვალსაწიერ მომავალში მოგვარდება. ეს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის იმ ადამიანების ბედს, რომლებიც ომმა მშობლიური ადგილებიდან აყარა. მიუხედავად ამისა, დევნილების ჩვენებები მაინც ჩნდება ინტერნეტში იმის წყალობით, რომ ახალი მედია და ინფორმაციის სოციალური საშუალებები რეგიონის მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამის მაგალითად პროექტი iDP Voices გამოდგება, რომელიც ნორვეგიის დევნილთა საბჭოს, გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრის და სააგენტო Panos-ის ეგიდით ხორციელდება.
„ნაამბობი, რომელსაც განმარტება არ სჭირდება“
მონაცემთა ელექტრონული ბანკი (PDF-ის ფორმატში) მოიცავს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან 29 იძულებით გადაადგილებული პირის მონათხრობს. ინტერვიუერთა მიერ ჩაწერილი ნაამბობი როგორც ტექსტურ, ასევე აუდიო ფორმატშია წარმოდგენილი. ამ მონაცემების გადმოწერაც შესაძლებელია.
„როდის მოისმინეთ პირველად დევნილის ნაამბობი და როდის წარმოიდგინედ პირველად საკუთარი თავი მის ადგილას? თქვენ როდესმე მაინც გიფიქრიათ როგორია ომში ახლობლების დაკარგვა, ქონების გარეშე დარჩენა და საკუთარი მიწიდან აყრა? [...] ეს ხმები, რომლებიც საკუთარ ტრაგედიაზე შუამავლების გარეშე ყვებიან, ცრურწმენებს ამარცხებენ, მათ ფონზე აქტუალური პოლიტიკური საკითხები მნიშვნელობას კარგავს; ისინი საკუთარ თავზე თავად მოგითხრობენ.
პირველ პლანზე გამოდის ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიები და განცდები, და არა პოლიტიკის კონკრეტული საკითხები. როდესაც ვკითხულობთ იმას, რისი თქმაც ამ დევნილებს სურთ, ჩვენ ვხვდებით, თუ რა არის მათთვის მთავარი და რა არის მათი მთავარი პრობლემები. [...] ეს გვაძლევს ჩვენ იმის გაცნობიერების შესაძლებლობას, თუ რა არის ცნების „გადაადგილებული პირი“-ს არსი. მათი ნაამბობი თავისთავად გასაგებია, სპეციალური განმარტებების გარეშე: მათი ძალა ხატოვნებაშია, თავად ხმებში, გრძნობებში, განცდებში, იმედებსა და ოცნებებში, [...]
„შეუძლებელია ერთმანეთის ზიზღი“
ერთ-ერთი ასეთი ხმის ავტორი 30 წლის ქართველი ქალბატონია, თეა, რომელიც აფხაზეთიდან გამოიქცა და იმაზე საუბრობს, რომ „ქართველების და აფხაზებისთვის “ჩვეულებრივ ცხოვრებაზე“ ოცნებობს და რომ მათ „ერთმანეთს უნდა აპატიონ“ ყველაფერი“.
„მე ვცდილობ ურთიერთობას როგორც ქართველებთან, ასევე აფხაზებთან. შეუძლებელია ერთმანეთის ზიზღი; ჩვენ საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით იმისთვის, რომ ეს შეცდომაც ჩავიდინოთ! ჩვენ ერთმანეთს და საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ. და კიდევ ერთი: მეტი ურთიერთნდობის მისაღწევად და კეთილი ურთიერთობის დამყარებისთვის, ორივე მხარის ნებაა საჭირო. ერთი მხარე ცალმხრივად ვერაფერს ვერ გადაწყვეტს.
ჩემი აზრით, საზღვრები [აფხაზეთს და საქართველოს შორის] უნდა გაიხსნას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლონ. პირველ რიგში საჭიროა დიალოგი, რომელსაც ურთიერთნდობა მოსდევს… [...] მხოლოდ საკუთარ ტრაგედიებზე საუბრით ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს და ერთმანეთი გვიყვარდება. იმისთვის, რომ ერთმანეთის ნდობა ვისწავლოთ, საჭიროა დრო.
მხოლოდ მაშინ შევძელით ერთმანეთთან დალაპარაკება გულწრფელად, აგრესიის და ბრალდებების გარეშე როდესაც მოგვეჩვენა, რომ ერთმანეთის ტკივილი გავიგეთ“.
თუმცა მსგავსი, პირველ პირში მოყოლილი ისტორიები იშვიათია, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ასე, მაგალითად, საერთაშორისო სპონსორებმა დევნილებისადმი მიძღვნილი გადაცემათა ციკლი დააფინანსეს, რომელიც ადგილობრივი (თუმცაღა ზოგჯერ ნაკლებად მნიშვნელოვანი) რადიოსადგურებით გადაიცა. გარდა ამისა, ერთმა ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა დევნილმა გოგონამ თავისი პროექტის ფარგლებში ორი სტატია დაწერა, რომელიც შემდეგ ორგანიზაცია Global Voices-მა საკუთარ პროგრამაში „კავკასიური კონფლიქტის ხმები“ გამოიყენა.
„ამ ომმა მოლაპარაკებებში შუამავლად მაქცია“
პირველი სტატია დაიწერა ინგლისურად, შემდეგ კი საზოგადოებრივ საწყისებზე ითარგმნა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე:
„სულ რაღაც 4 წლის ვიყავი, როდესაც სომხეთი დავტოვე, მაგრამ როდესაც უკან ვიხედები, არ შემიძლია იმის თქმა, კარგია ეს თუ ცუდი, რადგან ვერ ვიხსენებ იმას, თუ რა დავტოვე იქ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მახსოვს ჩვენი სახლი, ბაღი, საბავშვო მოედანი, ჩემი მეგობრები, ჩემი ვაშლის ხე და საყვარელი მამალი.
როდესაც აზერბაიჯანში აღმოვჩნდი, ჩვენი სახლი მესიზმრებოდა, მესიზმრებოდა, რომ ჩვენს დანგრეულ სოფელში დავდიოდი. შემდეგ, რაღაც მომენტში ყველაფერი უბრალოდ მინელდა. მიუხედავად ამისა, ჩემს ოჯახს არასდროს დაუკარგავს ერთ მშვენიერ დღეს სახლში დაბრუნების იმედი. გვჯერა, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრები ორი მეზობელი ხელახლა გაერთიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტება ყოველთვის გვერდით იყო და დღესაც განაგრძობს მათ მოწამვლას ზიზღით. [...]
აზერბაიჯანში მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ადგილობრივ კულტურასთან ზიარებას, ვერ ვუბრუნდებოდით საკუთარ ეროვნულ ფესვებს. ის, რომ როგორც უცხოელებს ისე გვექცეოდნენ, საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. შედეგად, აზერბაიჯანლები, რომლებიც სომხეთიდან ჩამოვიდნენ, გაემიჯნენ სხვებს და ერთად გაერთიანდნენ. ჩვენ ყველგან ვაწყდებოდით დისკრიმინაციას, საბავშვო ბაღში, სადაც მე დავდიოდი, დაწყებით კლასებში სკოლაში და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. [...]
ამ ომმა მოლაპარაკებებში შუამავლად მაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. თუმცა, ჩემი ამოცანა კიდევ უფრო რთულია, რადგან მე ხომ ერთი მხრივ დაპირისპირებულ მხარეებს უნდა დავეხმარო, მეორე მხრივ კი საკუთარ თავს“.
ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების უმრავლესობას არ აქვთ საშუალება საკუთარი ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მიუხედავად ამისა, მათი ისტორიები პერიოდულად ჩნდება ხოლმე დამოუკიდებელ ინტერნეტ მედიასაშუალებებში.
ამის მაგალითად გამოდგება ბლოგის ბოლოდროინდელი პროექტი, რომელიც კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა და უმცირესოებების ევროპული ცენტრის კავკასიის ოფისმა განახორციელეს.
„კეთილმეზობლობა“
სტატია, რომელიც თავდაპირველად რუსულად დაიწერა, შემდეგ კი ინგლისურ ენაზე ითარგმნა და ინტერნეტში ამ ენაზეა ხელმისაწვდომი, ნათელს ფენს დევნილების იმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, რადგან სტატიის თანაავტორები არიან აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტი.
„კეთილმეზობლობა“ – მითხრა დევნილმა ყარაბახის სოფელ დაშალტიდან, „ეს არის ის, როდესაც რაღაც ხაზით განცალკევებული ადამიანები „სხვადასხვა მხარეს“ არ ცხოვრობენ, არამედ ახლოს არიან ერთმანეთთან, ქმნიან ოჯახებს, ურთიერთობენ და იმავდროულად მათ ნაციონალურ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს მიაჩნდათ, რომ მიწა იმისია, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს, ვინც მას ამუშავებს. დანარჩენი სულ პოლიტიკოსების მოგონილია. [...]
გამოცდილება ცხადყოფს, რომ ისინი, ვისაც უბედურება საკუთარი თვალით უნახავს და საკუთარი გულით განუცდია მშობლიური მხარის ტანჯვა, სამშობლოს დაკარგვას ვერასდროს შეეგუება. მაგრამ იმავდროულად, მათ არაფრის დიდებით არ სურთ ძველი საშინელების განმეორება და ომისკენ არ მიისწრაფვიან. ყველა დევნილი, ვისაც ვესაუბრეთ აზერბაიჯანში, საუბრობდნენ საკუთარ მხარეში დაბრუნების და იქ სომხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილზე“.
ტელევიზია კონფლიქტის ალტერნატიული ვერსიების ადგილი არ არის
მსგავსი განცდა, მხოლოდ აზერბაიჯანელ დევნილებს და გადაადგილებულ პირებს არ აქვთ. ამას ხშირად ამბობენ სომეხი დევნილებიც, რომლებიც რეპრესიებს და ეთნიკურ წმენდებს გამოექცნენ, რასაც ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი და რაც ყარაბახის კონფლიქტს ახასიათებდა.
მაგრამ მათი ნაამბობი ვერ აღწევს მასობრივ მკითხველამდე ან მაყურებლამდე იმის გამო, რომ ამიერკავკასიაში ინტერნეტი სუსტადაა გავრცელებული. ტელევიზია კი (მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი საინფორმაციო წყარო) ძველებურად არ აძლევს სიტყვას იმ დევნილებს, რომლთა ნაამბობიც კონფლიქტებზე მოვლენების ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა.
მიუხედავად ამისა, ვიდეოჩანაწერები დევნილების ჩვენებებით გლობალურ ქსელში მაინც ხვდება. ასეთია, კერძოდ ისტორიები სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, რომელსაც ორგანიზაცია Global Voices აგროვებს. ამის მაგალითია, დოკუმენტური ფილმი, რომლის ინგლისური სახელწდოებაა Swept Away („მშობლიური ადგილებიდან აყრილები“).
თუმცა, სამწუხაროდ, დევნილების პრობლემებზე ახალი და სოციალური მედიის დახმარებით შექმნილ ბევრ პროექტს, განსაკუთრებული წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტის გავრცელება მატულობს, მათ პოტენციალი აქვთ.
foreignpress.ge
840
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85