ნატო გოგელია, "გურია ნიუსი"
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" საქართველოს ხელისუფლების ინიციატივაა, რომლის
მიზანია: ა) სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტა; ბ) თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა; გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაღრმავება და ურთიერთნდობის აღდგენა; დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილების გაზრდა.
ოფიციალური ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" თანხის გამოყოფა ხდება უშუალოდ სოფლისთვის. გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება სპეციალური ფორმულის საფუძველზე, რომელიც გაიანგარიშება საკრებულოებში შემავალი დასახლებების, ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრეთა გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ. ბ) სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.
კითხვაზე – როგორ ხდება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრა, საქართველოს ხელისუფლების პასუხი ასეთია: – "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული, ამ ადმინისტრაციულ ერთეულიდან არჩეული საკრებულოს წევრთან ერთად. თანხის გამოყენების მიზნობრიობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამის სოფლის მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ. გამგეობის რწმუნებული, საკრებულოს შესაბამის წევრთან ერთად, ვალდებულია ჩაატაროს სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს სოფლის კრების მოწვევასა და ჩატარებას, მოაწყოს საჯარო განხილვები და შეათანხმოს მოსახლეობასთან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელზე გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობა.
გასული წლის მიწურულს, ოზურგეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაური "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გახორციელებული პროექტებით დაინტერესდა:
– ძირითადად იყო ასე, რომ აბსოლუტურად ყველა სოფელში იყო კრებები და იმის გამო, რომ ამ კრებებს ვერ ესწრებოდა მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, ეს არის დაახლოებით 70-80%, თვითონ ეს საინიციატივო ჯგუფი – სოფლის რწმუნებულები თავის თანაშემწეებთან ერთად მიდიოდნენ თითოეულ ოჯახში და ეკითხებოდნენ, რა იყო მათთვის პრიორიტეტული. ძირითადად, გაკეთდა სპორტული მოედნები, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები. შეიღობა სასაფლაოები, მოწესრიგდა ცენტრის გარე განათება, – ასეთი ანგარიში ჩააბარა პრემიერს გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა.
პრემიერი არ დაინტერესებულა, კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა ამ პროგრამის გახორციელებით და რეალურად რა კეთდება სოფლებში. როგორც აღმოჩნდა, სოფლის პრიორიტეტებს ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება წყვეტს.
"გურია ნიუსმა" "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 2010-2011 წლებში გახორციელებული სამუშაოების მონიტორინგი გასულ კვირას დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩვენი სამიზნე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – შუა და ზემო ფარცხმა იყო. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ზემო ფარცხმაში 2010 წელს სტადიონები გაკეთდა – ერთი ადმინისტრაციული შენობის გვერდით, რომლის გაკეთებაზე 9 989 ლარი დაიხარჯა და მეორე, II ჩაის ფაბრიკასთან, რომლის ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2 672 ლარია. 9 989-ლარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკებით ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან გაფორმდა. დღეს ამ სტადიონზე არც ბალახის საფარია, არც განათება და არც კარის ბადეები. რაც შეეხება მეორე სტადიონს, ხელშეკრულება ინდმეწარმე ზურაბ ცინცაძესთან დაიდო და როგორც ადგილებზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, სტადიონი მხოლოდ შემოიღობა. იქაურების თქმით, ამ სტადიონზე კარების ბადე არასდროს გაუკეთებიათ.
2010 წელს, ინდმეწარმე მერაბ ცინცაძესთან ერთ პირთან მოლაპარაკების წესით 11 461 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, სოფელში სპორტული მოედნის და საექიმო უბნის რემონტი, შიდა გზების შეკეთება და საქუჩო განათება უნდა გაკეთებულიყო. სპორტული მოედანი დღეს ძალზედ უსახურად გამოიყურება. როგორც სოფლის რწმუნებულის თანაშემწემ ზურაბ გურგენიძემ გვითხრა, სტადიონს კარები გაუკეთდა. მისივე თქმით, ადრე აქ ფეხბურთის ბადეც იყო, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს არც ბადეა და სტადიონის ჭიშკარიც ავარიულია. რაც შეხება საექიმო ამბულატორიას, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული, გურგენიძის თქმით, 2010 წელს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა. თუმცა, ფუნქციონირება არ დაუწყია.
2011 წელს, ხელშეკრულება ამჯერად გამარტივებული შესყიდვის წესით, ისევ ინდმეწარმე მერაბ ცინცაძესთან გაფორმდა 5 551 ლარზე. ხელშეკრულების თანახმად, სოფელ შუა ფარცხმაში მგზავრთა მოსაცდელი უნდა გაკეთებულიყო და საფერშლო პუნქტში იატაკი უნდა შეეკეთებინათ. მგზავრთა მოსაცდელი, რომელზეც ჟანგმოკიდებული ჭიშკარია გაკეთებული, სკოლის ეზოში დგას და თითქმის ჭაობშია აშენებული. მოსაცდელში პატარა ოთახია. ზურაბ გურგენიძის თქმით, ეს ოთახი მაღაზიისთვის არის განკუთვნილი:
– ბურთი და რაღაც გაიყიდება ბავშვებისთვის, – გვითხრა გურგენიძემ.
– ბატონო ზურაბ, ეს მოსაცდელი სოფლის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა, შესაბამისად, ხალხს ეკუთვნის. მაღაზია კი შეუძლებელია მთელი სოფლის იყო. კონკრეტულად ვინ უნდა იმუშაოს, ვისთვის გაკეთდა?
– მე არ ვიცი ეგ, – გვითხრა გურგენიძემ.
მისივე თქმით, ამ პატარა ოთახის გასაღების ადგილსამყოფელიც უცნობია. სოფლის მოსახლეობა კი აღნიშნავს, რომ მოსაცდელის დანიშნულება, სოფელში, სადაც ავტობუსი არ დადის, გაურკვეველია. რაც შეხება საფეშლო პუნქტს, აქ კედლები დაბზარული და სველია. გურგენიძის თქმით, წელს პუნქტში პლასტიკატი გაიკრა, თუმცა, პროექტისა და ხელშეკრულების მიხედვით, იატაკი უნდა შეკეთებულიყო. ოთახში არც საფეშლო პუნქტისთვის საჭირო ინვენტარია. როგორც აქაურები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ორი წელია უშედეგოდ ითხოვენ, პუნქტმა ფუნქციონირება დაიწყოს:
– ოთახი რომ გააკეთეს, ვისთვის გააკეთეს? არც ინვენტარია და არც ექიმი დადის. თვალის ნაოპერაციები კაცი ვარ, ექიმისგან ცნობა რომ ავიღო, ზემო ფარცხმაში უნდა ავიდე. ხომ შეიძლება, რომ ექიმი აქაც ამოვიდეს და ის ოთახი საფეშლო პუნქტს დაემსგავსოს? – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრებმა ჯემალ ცინცაძემ.
2011 წელს, ზემო ფარცხმაში სოფლის პრიორიტეტად კლუბის სარიტუალო დარბაზად გადაკეთება დასახელდა. ხელშეკრულება ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან ორ ეტაპად გაფორმდა. ერთი, 16 692-ლარიანი, ხოლო მეორე, 3 004-ლარიანი. აღნიშნული სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტებიც გაფორმდა.
სოფელ ზემო ფარცხმის სარიტუალო დარბაზის გასაღები სოფლის რწმუნებულს გია ცინცაძეს ჰქონდა. ჩვენს თხოვნაზე, გაკეთებული სამუშაოები ეჩვენებინა, გვიპასუხა:
– არ მინდა და არ განახებთ, – ყვირილზე გადავიდა რწმუნებული, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელების ქნევით გვიყვიროდა, რომ ის "აქტიორი" არ იყო, რომ არ გვქონდა მისი გადაღების უფლება და შენობას არ გვანახებდა:
– წადით და გამგეობის პრესსამსახურს მოსთხოვეთ, რომ შენობა დაგათვალიერებინოთ, – აგრესიას ვერ ფარავდა გია ცინცაძე.
რწმუნებულმა შენობა მას შემდეგ დაგვათვალიერებინა, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ რწმუნებული კანონის სრული დარღვევით შენობაში არ გვიშვებდა. საკმაოდ ხანგრძლივი ჩხუბის შემდეგ სარიტუალო დარბაზად გადაკეთებული კლუბის შენობაში რწმუნებული შეგვიძღვა. ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სახურავიდან დაზიანებული თუნუქის ფურცლები მოიხსნა, გამოიტეხა პარაპეტის კედელი წყლის ჩამომყვანი მილების მოსაწყობად, მოეწყო სახურავის საფარი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით, გაკეთდა წყლაშემკრები მილები, დაისხა ბეტონის იატაკი, დამონტაჟდა ახალი ელექტროგაყვანილობა და ბრები. ამ სამუშაოებისთვის 19 696 ლარი დაიხარჯა.
თუმცა, რეალურად, ახალგაკეთებულ ჭერზე ლაქები ადვილი შესამჩნევია; ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ლითონის კარის მზა ბლოკი დამონტაჟებული არ არის. გია ცინცაძის განმარტებით, ამისთვის თანხა აღარ ეყოთ. დარბაზს არც ელექტროენერგია მიეწოდება.
– თავს დავდებ, რომ აქ შუქი არის, – გვიმტკიცებდა სოფლის რწმუნებული, თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, დარბაზში შუქის ანთება ვერ შეძლო.
გადამოწმებული ფაქტებით ცხადი ხდება, რომ სოფლის პროექტები სოფლისთვის ნაკლებად გამოსადეგარია. ფაქტია ისიც, რომ მოსახლეობა ამაში ნაკლებად არის ჩართული და უკმაყოფილებას არავინ ფარავს:
– ეს არ არის ინტრიგნობა – ეს სიმართლეა, რომელიც არ უნდა დაიმალოს. როგორ ვთქვა, რაღაც გაკეთდა,-მეთქი როცა არ არის გაკეთებული?! – აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას შუაფარცხმელმა ჯემალ ცინცაძემ.
1002
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85