შობის დღესასწაული წყალტუბოელებს ახალი კლინიკის გახსნით მიულოცა. მანამდე მარნეული იყო, შემდეგ, გურია, მცხეთა... ყველგან „ევროპული სტანდარტის“ თანამედროვე, კლინიკა გახსნა. მართალია, ევროპისგან განსხვავებით, ქართულ კლინიკებში, ხშირად, სამედიცინო, თანამედროვე აპარატურა ჩამოტარებითაა და ლენტის გაჭრიდან რამდენიმე საათში ისე აქრობენ, თითქოს, არც არაფერი ყოფილა, მაგრამ ეს არაფერი, წინ უამრავი ტურნეა - არჩევენებამდე 100 ახალი საავადმყოფოს გახსნა უნდა მოესწროს და ესაა მთავარი.
და კიდევ, მთავარია ის, როგორ ხვდებიან მიხეილ სააკაშვილს ყველა რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მობილიზებული „ტაშისმკვრელები“. კარგია თუ - ცუდი, ფაქტია, სააკაშვილის ყოველი ტურნე რეგიონებისთვის ერთი დღეა - სასწაულისა.
სასწაულია აბა რა, როცა შენი სტუმრობის წინ ტყეში ნადირს მუსრს ავლებენ და ცაში - ფრინველს, შენ კი, ამ ყველფერს იმდენად მცირე დროში შეგიძლია მუსრი გაავლო და თან, სტომაქში რამდენიმე ბოთლი ლიმონათიც სულმოუთქმელად ჩაიცალო, რომ შენმა დაცვამ არა თუ დანაყრება, სუფრასთან მოკალათებაც ვერ მოასწროს. მერე კი, ისე წამოხტე სუფრიდან, რომ პირდაფჩენილმა, ადგილობრივმა მოკვდავებმა იმის გააზრებაც ვერ მოასწრონ რა უბედურება დატრიალდა მათ თავს.
მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო, ყველა ტურნე გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს და თვითმხიველებიც ერთი და იგივე ამბებს ყვებიან.
დღევანდელი ჩვენი რესპოდენტიც, წყალტუბოდან ერთი ასეთი ტურნეს თვითმხილველია. ვერ შეგპირდებით, რომ მის ვინაობას გაგიმხელთ, იმიტომ, რომ ეს, ჩვენი მხრიდან, დანაშაულის ტოლფასი იქნება და იმედია, „მედიაეთიკოსები“ შეგვინდობენ ცოდვას.
ნურც იმას იკითხავთ როგორ შევძლებთ დამაჯერებლობა შევძინოთ ანონიმურად მოყოლილ ამბავს, რადგან იმაზე უფრო დიდი მტკიცებულება, ვიდრე ამ რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის გურიაში სტუმრობა იყო (ალბათ, გახსოვთ თეატრალური რეკვიზიტებით გაწყობილი გურული ოდა), არ მოგვეძევება.
ასე რომ, დაპირებისმებრ გთავაზობთ ერთი წყელტუბოელი ადამიანის მონაყოლს და უნდა დაიჯეროთ თუ არა - თავად გადაწყვიტეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტატიის ბოლოს, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს თვალს კიდევ ერთხელ გადაავლებთ, აი იმას, გურულებზე, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით.
მაშ ასე, ახლა კი ამბავი:
- მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოს შობა-დღეს სტუმრობდა. ახალი საავადმყოფო გახსნა. უფრო სწორად, ძველი გარემონტდა თანამედროვე დონეზე.
საავადმყოფო კარგად არის გაკეთებული?
- კი, ნორმალურად არის გაკეთებული, მაგრამ სამედიცინო დანადგარები, როგორც იცით, ერთი რაიონისთვის აქვთ ნაყიდი და როგორც ყველა რაიონში ხდება, საავადმყოფოს გახსნისთვის მოიტანეს, დაალაგეს, გვაჩვენეს, რომ მუშაობს და მერე მოხსნეს და სხვა რაიონის საავადმყოფოსთვის შეინახეს. მარტო საწოლებს ტოვებენ, სხვა, რაც სერიოზული და ძვიფასია თან მიაქვთ.
წყალტუბოდანაც უკვე წაიღეს?
- კი, მოაქვთ და მიაქვთ... გადაუღებენ და წაიღებენ, ყველგან ასე ხდება... ხაშურშიც იგივე გააკეთეს, საავადმყოფო რომ გაიხსნა რამდენიმე წუთის მერე აღარაფერი დატოვეს, ყველაფერი გაიტანეს.
ავადმყოფებიც ხომ არ მოყავთ და მიყავთ?
- ავადმყოფები ალბათ, საწოლებზე დარჩნენ... თუ იმათაც არ დაარბენინებენ აქეთ-იქეთ. მოკლედ, ასე გახსნეს საავადმყოფო, ხოლო მერე ლტოლილებისათვის აშენებული რამდენიმე კორპუსიც დაათვალიერეს. წყალტუბოში ეს ადგილი ჭაობის სახელწოდებით არის ცნობილი, რადგან ადრე, იქ სილოსი მოყავდათ, წყლიანი ადგილია. ახლა კი კორპუსები ჩადგეს და ხალხმა უნდა იცხოვროს სინესტეში და უბედურებაში. წყალტუბო წვიმიანი ადგილია, ერთი წვიმა და ყველაფერი დაიტბორება. დაახლოებით ისე გააკეთეს, რაც ე.წ. გეტოებში - წეროვანში.
ის ხალხი ვინ იყო, ვინც სააკაშვილს შეეგება?
- ნაწილი წყალტუბოელები იყვნენ, ნაწილი სხვა რაიონებიდან ჩამოიყვანეს. ხალხი ძირითადად, მობილიზებული ყავდათ სკოლებიდან - მოსწავლეები და მასწავლებლები. არმისვლის შემთხვევაში, ყველა მასწავლებელი გააფრთხილეს, რომ სამსახურს დაემშვიდობებოდნენ. ისინიც იძულებულები იყვნენ, რომ მისულიყვნენ. ცალკე ყავდათ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მიშას უნდა დახვედროდა, სიტყვაც წინასწარ იყო შეთანხმებული და ისიც განსაზღვრული იყო კისერზე ვინ ჩამოეკიდებოდა და რას ეტყოდა. ერთ-ერთი ვინც მიშას შეეგება შუა ხნის მამაკაცია, ყოფილი ცეკვის მასწავლებელი, რომელსაც „შრომა“ რამდენიმე წუთში დაუფასეს და სახლში თანამედროვე ტექნიკა აუტანეს, პლაზმური ტელევიზორი და რაღაც რაღაცეები.
მაგრამ ყველაზე მეტად წყალტუბოელებს, ალბათ, პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი დაამახსოვრდებათ. მოკლედ, სახელისუფლებო ტელევიზიებმა მიშას ვიზიტი რომ გადაიღეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დიდი ღრეობა გაიმართა, რესტორანში 80 კაცზე გაიშალა სუფრა. სუფრა იყო ძალიან მაღალი დონის, რა თქმა უნდა, იმერლები თავს არ შეირცხვენდნენ და საირმის ტყეებში ნანადირევი შვლის მწვადებიდან დაწყებული, დათვის ხორცის მწვადებით დამთავრებული ყველაფერი იყო. ბატონი პრეზიდენტიც იქ ბრძანდებოდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ორი ხელით და ათი თითით მოასწრო დანაყრება. მიშამ ამ რამდენიმე წუთში მოასწრო მინიმუმ ოთხი, მაქსიმუმ ხუთი ბოთლი ლიმონათის პირდაპირ ბოთლიდან მუცელში ჩაპირქვავება, ყოველგვარი ჭიქის გარეშე.
თუმცა, „ქეიფი“ სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ხალხი გაკვირვებული უყურებდა პრეზიდენტს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საკუთარი დაცვა, რომელიც თან ახლდა პრეზიდენტს, ის ის იყო, სუფრას უნდა მისხდომოდა, რომ მიშა უცებ წამოხტა და გაიქცა. დაცვაც იძულებული გახდა გაქცეულიყო და ხალხს ყველაზე მეტად ისინი შეეცოდა. ჯერ იყო და მთელი დღე უკან დაზდევდნენ და მერე, დაღლილ, მშიერ ხალხს ჭამაც არ აცალა. იქ დარჩენილ ნაციონალებს, გამგეობის წევრებს, ქალაქის საპატიო მოქალაქეებს შორის ეს ამბავი შაყირის საგანი გახდა. ასე დამთავრდა წყალტუბოში მიშას სტუმრობა და როგორც იტყვიან ბოლოს, კრება დარჩა მხიარული.
თავად წყალტუბოელებს როგორი განწყობა აქვთ?
- ძალიან დიდი იმედით ელოდებიან, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა შეიცვლება. ის განწყობა, რაც ეკრანებზეა, ეს არის ყველაფერი ხელოვნური. რა თქმა უნდა, აქა-იქ მიშას მხარდამჭერები ყავს, მაგრამ ისინი არიან აბსოლუტურ უმცირესობაში. მეტსაც გეტყვით, წყალტუბოში დღეს სირცხვილია, რომ ვინმემ ხმამაღლა გამოხატოს მიშას მიმართ მხარდაჭერა. უბრალოდ, ხალხი მუშაობს და მასზე აუგი ხმამაღლა რომ თქვან, სამსახურებს დაატოვებინებენ. წყალტუბო ძალიან ღარიბი რაიონია, სულ ტყულილია, რომ ამბობენ სასტუმრო გაიხსნა, ტურისტები ჩამოდიან და აყვავდა ქალაქიო, არაფერი ეგეთი იქ არ ხდება. წყალტუბოში ერთი სამხედრო სანატორიუმი იყო, რომელიც ნგრევის პერიოდშიც როგორღაც შეინარჩუნეს და მაშინაც კი ფუნქციონირებდა. დღეს ეს სანატორიუმი მხოლოდ შეაკეთეს, ავეჯი გამოცვალეს. გარდა ამისა, აპირებენ ცნობილი მეშახტეთა სანატორიუმი გაარემონტონ, რადგან როცა პარლამენტი ქუთაისში გადავა, დეპუტატებისთვის გამოყონ საცხოვრებლად.