"საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული მოდელი არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს"

ყოფილი მოსამართლის, ადვოკატ მერაბ ტურავას განცხადებით, ევროპაში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის უფლებამოსილება სასამართლოს აქვს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად განსხვავებული მოდელი შემოგვთავაზა, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს.

"ასეთი მიდგომა ევროპაში არ არსებობს და ყველგან, სასამართლოს აქვს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის უფლებამოსილება. ვფიქრობ, არც სასამართლო შევხდება ამ ინიციატივებს აღფრთოვანებით, რადგან მას ბევრი უფლებამოსილება აქვს და თავისი პრობლემები ვერ გადაუწყვეტია ბოლომდე, დამატებითი ფუნქცია რომ არ დაეკისროს, რომელიც წესით აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებაა",-განაცხადა ტურავამ.   

მისივე  თქმით, საფრთხე შეექმნება უსაფრთხოების სისტემას, თუ საკანონმდებლო რეგულაციები არ იქნება მიღებული და ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად არ დასრულდება.  

პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის არ იყო მიღებული.

"პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული. ეს იმას ნიშნავს, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტიურად იმას, რასაც ჰქვია გასაღების გადატრიალება, განახორციელებს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას - პერსონალურ დაცვათა ინსპექტორი. ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს დაცული. იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემ პოზიციას გაიზიარებს",- განაცხადა მარგველაშვილმა.