პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ იმსჯელებს

პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული პროექტი, პერსონალურ მონაცემებზე წვდომასათან დაკავშირებით, პარლამენტში ამ დრომდე არ შემოსულა. როგორც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია პარლამენტი ხვალინდელი დღის გრაფიკზე შეჯერდეს, რადგან დოკუმენტის დღეს შემოტანით მისი განხილვა ცხრა საათამდე მაინც ვერ ესწრება.

,,შევჯერდეთ ხვალ მუშაობის გრაფიკზე, რადგან როგორც ირკვევა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოს თაობაზე და მისი შენიშვნები დღეს იქნება მოწოდებული პარლამენტში. დარჩენილ დროში, ცხრა საათამდე ჩვენ ვერ მოვასწრებთ ამ საკითხის განხილვას, რადგან საჭიროა ბიუროს სხდომასა და კომიტეტზე განხილვა. გვჭირდება მომხსმენებელიც, რომელიც ვერ მოასწრებს ცხრა საათამდე ჩამოსვლას. ამიტომ ამ საკითხის განხილვას დღეს ვერ ვასწრებთ. ჩვენ უნდა შევჯერდეთ სავარაუდოდ ხვალინდელი დღის გრაფიკზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს დღეს მოგვიანებით პარლამენტის ბიუროს შეკრება, მას შემდეგ თუ მივიღებთ აღნიშნულ დოკუმენტებს. ამიტომ ბიუროს წევრების მიმართ მექნება თხოვნა, რომ პარლამენტის შენობაში გააგრძელონ მუშაობა უახლოესი ორი საათის განმავლობაში. თუ ჩვენ დღეს მივიღეთ პრეზიდენტის ვეტო და ახალი ტექსტი შენიშვნების, ჩვენ მას გადავცემთ ბიუროს დღესვე. კომიტეტის სხდომას შევთავაზებთ, რომ ჩაატარონ ხვალ დილით 10 საათიდან და პრეზიდენტის წარმომადგენელს ვთხოვთ, რომ ხვალ ამ დროისთვის ჩამოვიდეს. შემდგომ დაგვჭირდება ისევ ბიუროს სხდომა და სადღაც თორმეტის ნახევარზე დავიწყოთ პლენარული სხდომა, რომელზეც დავიწყებთ პრეზიდენტის ვეტოს განხილვას. ეს არის ჩვენი მუშაობის გრაფიკი. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს რეჟიმი განპირობებულია იმ ცაიტნოტით, რომელშიც ჩვენ ავღმოჩნდით. ვინაიდან ორშაბათ დილამდე უნდა იყოს სიცხადე საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ საკითხში", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.