"ცალსახად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს"

კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, პრეზიდენტს კანონპროექტი ხელმოსაწერად უბრუნდება და მას ამისთვის 7 დღე აქვს.

"თავდაპირველად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტეს ეყრება კენჭი და ამ შემთხვევაში, საჭიროა, უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის შენიშვნებს, მას უწევს ვეტოს დაძლევა, რასაც 76 ხმა ესაჭიროება. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, პრეზიდენტს კანონპროექტი უბრუნდება ხელმოსაწერად და მას ამისთვის 7 დღე აქვს. თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს კანონპროექტს, ასეთ დროს ვეტოგადალახულ კანონპროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს. პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია, ხელი მოაწეროს იმ კანონპროექტს, რომლის ხელმოწერაზეც უარი თქვა პრეზიდენტმა. რაც შეეხება ვეტოს დაძლევას, გამომდინარე იქედან, რომ პირველად კანონპროექტს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარლამენტში ვეტოს დაძლევის რესურსი არის. ისეთი სახის შენიშვნებზეა საუბარი, რასაც არა მარტო უმრავლესობა არ უჭერს მხარს, არამედ ირკვევა, რომ ის უმცირესობისთვისაც მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.