რკინიგზელთა პროფესიული კავშირი გაფიცულ რკინიგზელებს დიალოგისკენ მოუწოდებს

რკინიგზელთა პროფესიული კავშირი გაფიცულ რკინიგზელებს დიალოგისკენ მოუწოდებს

რკინიგზელთა პროფკავშირი მიმართავს თითოეულ რკინიგზელს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, პატივი სცენ სახელმწიფოს, მგზარებს, პროფესიას და საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

"ძვირფასო რკინიგზელებო, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით საქმისადმი ერთგულების, მოთმინებისა და წინდახედულებისთვის.  

ამავდროულად, მინდა, გაცნობოთ, რომ ვაცნობიერებთ რა შექმნილ ვითარებას ჩვენი პროფკავშირი ჩართულია მიმდინარე პროცესებში თქვენი ინტერესების დასაცავად, მივიჩნევთ, რომ სამუშაო ფორმატში, დიალოგის გზით და არა გაფიცვითა და რკინიგზის პარალიზებით შესაძლებელია ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა.

იმედი გვაქვს, რკინიგზის მენეჯმენტი სწორად შეაფასებს არსებულ მდგომარეობას და მოამზადებს სახელფასო ბადის ისეთ პროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენს სოციალურ კეთილდღეობაზე.

”სინერჯი” ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებები საჭიროებს გადახედვას და თქვენთვის მისაღემი სახელფასო პირობების შექმნას. მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ  ჩვენი პროფკავშირი არის თითოეული თქვენთაგანის ერთგული, არ დაუშვებს ვინმეს მხრიდან თქვენს შეცდომაში შეყვანას ან რაიმე პროვოკაციაზე წამოგებას. ჩვენთვის ასევე მიუღებელია რომ თქვენი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლაში ვინმე შეეცადოს ამ პროცესის პოლიტიზირებას ან გარე ძალების ჩართვას.

რკინიგზელთა პროფკავშირი დგას თავის მოწოდების სიმაღლეზე და მიმართავს თითოეულ რკინიგზელს შევინარჩუნოთ სიმშვიდე, პატივი ვცეთ სახელმწიფოსა, მგზარებს და ჩვენს პროფესიას, რკინიგზაში დამკვიდრებულ ტრადიციებს და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა.

როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელობა ვაცხადებთ, რომ პროტესტს მაშინ აქვს აზრი, თუკი ადგილი აქვს თქვენი ინტერესების შემლახავ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ასეთის შემთხვევაში ჩვენი პროფკავშირი იქნება პირველი, ვინც მკაცრ საპროტესტო აქციების ფორმას მიმართავს.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე რკინიგზელებს, მათ შორის რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დაპირისპირებიდან და ჯიბრში ჩადგომიდან, გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში. მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და მივიღოთ კომპრომისული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები", - აღნიშნულია რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადებაში.