საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნებს უმოკლეს ვადაში წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნებს უმოკლეს ვადაში წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნული განცხადება დღეს გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განმარტებით, პრეზიდენტის შენიშვნები რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ერთ-ერთი დანაყოფი იქნება ის ორგანო უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ნებართვას უკვე ელექტრონული თანხმობის სახით გასცემს სასამართლო, რაც მისივე თქმით, ამ პროცესში აძლიერებს სასამართლოს როლს; აღნიშნულ პროცესზე კი ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნქციების დაყოფა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება.

„ჩვენ არ ვთავაზობთ პარლამენტს არავითარ ახალ სტრუქტურას, ახალ მოთამაშეს, რომელიც ამ პროცესში უნდა შემოვიდეს, უბარლოდ, სასამართლო გარდა ნებართვის გამცემისა, იქნება ელექტრონული თანხმობის მიმცემი და ამ მხრივ სასამართლოს როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდება", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ შენიშვნების მოსამზადებლად, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს  აქვს 10-დღიანი ვადა, თუმცა პრეზიდენტის შენიშვნები შეძლებისდაგვარად და  შესაძლებლობების ფარგლებში შემჭიდროებულ ვადებში იქნება ჩამოყალიბებული და წარედგინება პარლამენტს. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით: „პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ჯერ პრეზიდენტის შენიშვნებს, რომლის მიღებასაც სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა, ხოლო შემდგომ, თუ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭისყრაზე დგება პირვანდელი რედაქცია, რომელიც ერთხელ უკვე მიიღო საქართელოს პარლამენტმა. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 76 ხმით კვლავ დაადასტურებს მის ერთხელ უკვე გამოხატულ პოზიციას, ამის შემდგომ კანონი შევა ძალაში".