ვახუშტი მენაბდე - თეორიულად არსებობს ვერსია, რომ კანონს ხელი მოაწეროს ვიცე-სპიკერმა ან არავინ და კანონი ვერ შევიდეს ძალაში

ვახუშტი მენაბდე - თეორიულად არსებობს ვერსია, რომ კანონს ხელი მოაწეროს ვიცე-სპიკერმა ან არავინ და კანონი ვერ შევიდეს ძალაში

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია, იმ კანონპროექტს მოაწეროს ხელი, რომელსაც პრეზიდენტი ხელს არ აწერს - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. 

მისი თქმით, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კვლავ არ მოაწერს ხელს კანონპროექტს, მაშინ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. 
"კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და მე მგონია, ასეც იქნება. თუ პრეზიდენტის აქვს დისკრეცია, რომ კანონპროექტს მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი, პარლამენტის თავმჯდომარეს ამგვარი დისკრეცია არ აქვს და ვალდებულია, ხელი მოაწეროს", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

ვახუშტი მენაბდე კიდევ ერთ ვარიანტზეც საუბრობს, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, მაშინ თეორიულად არსებობს ვერსია, რომ ხელი მოაწეროს ვიცე სპიკერმა, ან არავინ არ მოაწეროს და ვერ შევიდეს ძალაში. 

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დღეს ფარული მიყურადების შესახებ კანონპროეტზე ვეტოს დადებას კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია. 

"პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც აწესებდა პირდაპირ წვდომას შსს-სთან, დადებითი მოვლენაა და ჩვენ ამ ნაბიჯისკენ მოვუწოდებდით კიდეც პრეზიდენტს. თვითონ რა შესთავაზა პრეზიდენტმა პარლამენტს, ამაზე საუბარი არ შემიძლია, ვიდრე კანონპროექტს არ ვნახავ", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. გუშინ, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მხარდაჭერისგან, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა.