პრეზიდენტი მოსმენებთან დაკავშირებით ალტერნატიულ ვარიანტს პარლამენტს სავარაუდოდ, დღესვე გადაუგზავნის

პრეზიდენტი მოსმენებთან დაკავშირებით ალტერნატიულ ვარიანტს პარლამენტს სავარაუდოდ, დღესვე გადაუგზავნის

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პრეზიდენტი პარლამენტს საკუთარ შენიშვნებს, სავარაუდოდ, დღესვე გადაუგზავნის. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, თუმცა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტში გადაგზავნის ვადებს ჯერ არ აკონკრეტებენ. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, ეს "შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადაში" მოხდება.

"პრეზიდენტს საკუთარი შენიშვნების პარლამენტისთვის წარსადგენად 10 დღიანი ვადა აქვს, თუმცა ეს შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადაში მოხდება. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის ჯერ პრეზიდენტის შენიშვნებს, რის მიღებასაც სჭირდება არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3, ამის შემდეგ კი, თუ ის არ იქნა გაზიარებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ, კენჭისყრაზე დგება კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია, რომელიც პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო. თუ დეპუტატები მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ არანაკლებ 76 ხმით კვლავ დაადასტურებენ ერთხელ უკვე გამოხატულ პოზიციას, ის შევა ძალაში", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ 1-ელ დეკემბრამდე უნდა მიიღოს. ასეთია ვადა, რომელიც მათ პრეზიდენტმა 31 ოქტომბერს გამოყენებული ვეტოთი განუსაზღვრა. სწორედ ამ ვადამდე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსმენების განხორციელების უფლება. თუკი პარლამენტი 1-ელ დეკემბრამდე განსაზღვრულ ვადაში ვერ ჩაეტევა, დეკემბრიდან აღნიშნული კუთხით ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნება.