დავით პატარაია - ალტერნატიული ვარიანტით, შსს იქნება მიყურადების განმახორციელებელი, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება

დავით პატარაია - ალტერნატიული ვარიანტით, შსს იქნება მიყურადების განმახორციელებელი, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, უბრალოდ პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. 
როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განუცხადა, ქვეყნის პირველი პირის შენიშვნის თანახმად, სასამართლო გარდა ნებართვის გამცემისა მოსმენებზე ელექტრონული თანხმობის მიმცემიც იქნება. 

"პრეზიდენტის შენიშვნები, რომელიც მზადდება, ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად პრინციპს, პირველი აგვისტოში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები და ის ნოვაცია, რომელიც პოზიტიურად შეფასდა, უნდა იქნას შენარჩუნებული და ამ ნოვაციის დამკვიდრება მოხდეს კანონმდებლობაში, მეორე პრინციპია ის, რომ მოხდეს ფუნქციების დაყოფა იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, სწორი ევროპული ბალანსის დამკვიდრება. ანუ ერთი მხრივ, საუბარია ფარული მიყურადების უფლების მქონე ორგანოზე და შსს იქნება მიყურადების განმახორციელებელი, მეორე მხრივ საუბარია ნებართვის გამცემ ორგანოზე, მესამე მხრივ კი, მაკონტროლებელ ორგანოზე. ჩვენ არ ვთავაზობთ პარლამენტს არავითარ ახალ სტრუქტურას, ახალ მოთამაშეს, რომელიც ამ პროცესში უნდა შემოვიდეს, უბარლოდ, სასამართლო გარდა ნებართვის გამცემისა, იქნება ელექტრონული თანხმობის მიმცემი და ამ მხრივ სასამართლოს როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ძირითადი პრინციპები", - განაცხადა დავით პატარაიამ. 

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.