პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღესვე იმსჯელებს

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღესვე იმსჯელებს

მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი დღესვე იმსჯელებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის შენიშვნებს განიხილავს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტის შენიშვნებს.

"თუ პრეზიდენტის შენიშვნებს მხარს არ დავუჭერთ, ბუნებრივია, ვეცდებით ვეტოს დაძლევას. თუ საჭირო იქნება, ვეტოს დავძლევთ, რადგან ქვეყანას უსაფრთხოების რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".

იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩებოდა და ამოქმედდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა – დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (სულ მცირე 50 ხმა).

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - ანუ 76 ხმა.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.