უკრაინის შსს უწყების პრესსამსახურის მიერ ეკა ზღულაძის შესახებ ინფორმაციის დადასტურების ფაქტს უარყოფს

უკრაინის შსს უწყების პრესსამსახურის მიერ ეკა ზღულაძის შესახებ ინფორმაციის დადასტურების ფაქტს უარყოფს

უკრაინის შს სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სამინისტროს პრესსამსახურს დაედასტურებინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკა ზღულაძის უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ შესაძლო დანიშვნის ფაქტი. ამის შესახებ უკრაინის შსს უწყების ოფიციალურ საიტზე წერს.

"ოფიციალურად გაცნობებთ, ამ შეკითხვით უკრაინის შს სამინისტროსთვის არავის მოუმართავს და არც არავის დაუდასტურებია", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. უკრაინის შსს მედიის წარმომადგენლებს სთხოვს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს უკრაინის რადას ტრიბუნიდან დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტში უცხოელებისთვის თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭება, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად უცხოელი პროფესიონალის დანიშვნა შესთავაზა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, კონკრეტული გვარების შესახებ "პეტრო პოროშენკოს ბლოკში" არავინ საუბრობს, მაგრამ არაოფიციალურად საუბრობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებზე შესაძლოა, ოთხი-ხუთი უცხოელი დაინიშნოს. 

გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე უკრაინული ფესვების მქონე ამერიკელის ნატალია იარესკოს დანიშვნა იგეგმება. შს მინისტრის პირველ მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურა განიხილება; სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს. იგეგმება კიდევ ერთი პოსტის - ბიზნესომბუდსმენის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს ექსპრემიერმინისტრ ნიკოლოზ გილაურს შესთავაზეს, თუმცა მან ამ პოსტზე უარი განაცხადა.

გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დრომდე უცხოეთის მოქალაქეების მინისტრთა კაბინეტის წევრებად შესაძლო დანიშვნის შესახებ გასაიდუმლოებული იყო. თავად "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრებმაც აღნიშნული იდეის შესახებ მხოლოდ 26 ნოემბერს შეიტყვეს.