შალვა შავგულიძე:  დავბრუნდით წინა ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობაში

შალვა შავგულიძე: დავბრუნდით წინა ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობაში

დავბრუნდით წინა ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობაში, - ასეთ დასკვნას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დეპუტატი შალვა შავგულიძე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე აკეთებს.

"უგულვებელყოფილია ყველა ის მიღწევა, სტანდარტი, პრინციპები, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გასული წლის აგვისტოში დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტით მივიღეთ. ე.წ. გასაღების ადგილის პრინციპი ყველაზე უარესი ვარიანტით არის მიღებული – აღდგენილია ის, რომ გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს, ვისაც მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიღების ინტერესი გააჩნია და ყველაზე დიდია ამ ორგანოს ცდუნება, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია წაიღოს. მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის საკითხიც ძალიან ნეგატიურად არის გათვალისწინებული, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს არამარტო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, არამედ მთელი ბანკების კოპირების შესაძლებლობა მიეცა და ეს უფლებები მიეცა ყოველგვარი ორმაგი კონტროლის, თუ ორმაგი "გასაღების" გარეშე. ამით ჩვენ გასული წლის აგისტომდე არსებულ მდგომაროებაში დავბრუნდით, ანუ შსს-ს შეუძლია შეუზღუდავად განახორციელოს უკანონო მოსმენები და ამის კონტროლის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შალვა შავგულიძემ.

დეპუტატი პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის რამდენიმე "მანკიერ მხარეზე" ამახვილებს ყურადღებას.

როგორც შავგულიძე განმარტავს, წინა ხელისუფლების დროს მიღებული კანონით, შსს-ს ოტო-ს სამსახურს კომუნიკაციის მონაცემთა ბაზებთან მუდმივი წვდომის საშუალებით, ბაზები პირდაპირ მიჰქონდა და თავისთან ინახავდა. დეპუტატის განცხადებით, გასულ წელს მიღებული კანონით, შესაბამისი ნორმა გაუქმდა და შსს-ს მხოლოდ დროებით შეუნარჩუნდა ამ არხის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. როგორც შავგულიძე აცხადებს, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით, ძველი ნორმები კიდევ უფრო ნეგატიური სახით არის აღდგენილი.

"მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ნორმები, რომელიც შსს-ს აძლევდა საშუალებას მის ხელთ არსებული "გასაღები" ბოროტად გამოეყენებინა და აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაცია წაეღო, აღდგენილია და გადმოტანილია ოტო-ს უფლებამოსილებაში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამაზე ე.წ. ორდონიანი კონტოლი არ ვრცელდება", - ამბობს შავგულიძე.