მოვუწოდებ პრეზიდენტს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

მოვუწოდებ პრეზიდენტს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტს ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით დღეს მიღებულ კანონზე გადაწყვეტილების პირველ დეკემბრამდე მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც საგანელიძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუ პირველ დეკემბრამდე არ იქნება პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, ამ შემთხვევაში სამართალდამცველ სისტემას მუშაობაში პრობლემები შეექმნება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეგულაციები, კანონი მოსმენების სფეროში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია. ამ კანონში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ის შენიშვნები, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტს. გარკვეული სიტუაციის გამო ვალდებული ვარ გავაკეთო შემდეგი საგანგებო განცხადება. პრეზიდენტის მიერ პარლამენტს დათქმული ჰქონდა ვადა 1-ელ დეკემბრამდე. პარლამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა. კანონპროექტი ხელმოწერილია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და გადაგზავნილია პრეზიდენტთან. პრეზიდენტს მინდა შევახსენო და მივმართო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტს. პირველი დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. თუ პირველი დეკემბრის მერე მოეწერა ხელი, ეს დღეები იქნება საკმაოდ პრობლემატური", - აღნიშნა საგანელიძემ.