შსს-მ ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შეინარჩუნა

შსს-მ ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შეინარჩუნა

ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე "გასაღები" კი, მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.

გასულ წლის აგვისტოში პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების საკითხზე მიღებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, შსს-ს დროებით – მხოლოდ რამდენიმეთვიანი გარდამავალი დებულებების საფუძველზე მიეცა პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობით წარდენილი პაკეტით, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით დაამტკიცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა დაიტოვა.

ამავე პაკეტით მიღებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული კონტროლის მექანიზმი. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში, "ელექტრონული თანხმობის გაცემით", პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი ერთვება. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატების დროს რამდენჯერმე აღინიშნა, რომ ფარულ საგამოძიებო პროცესში ინსპექტორის, როგორც გარე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტის უფლებამოსილებები "ისპობა" და ის პროცესის უშუალო მონაწილე ხდება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული პაკეტით, ინპექტორის მონაწილეობით ორსისტემიანი ელექტრონული კონტროლი მხოლოდ ფარული სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებაზე განხორციელდება. რაც შეეხება კომპიუტერულ და ინტერნეტკომუნიკაციის კონტროლს, პროექტი ამ მიმართულებით ორსისტემიანი კონტროლის გავრცელებას არ ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვების დროს პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ ოპონენტების საპასუხოდ განმარტა, რომ ინტერნეტკომუნიკაციის სფეროზე ინსპექტორის ორსისტემიანი ელექტრონული კონტროლის განხორციელდება შეუძლებელია.

პაკეტის ფარგლებში "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს - შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, უფლება ექნება: ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს "ოტო" განახორციელებს უშუალოდ, სასამართლო განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.

გარდა ამისა, "ოტო" უფლებამოსილი ხდება განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი შენახვა ორი წლის ვადით. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შსს-ს ეს სამსახური ახორციელებს აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, სასამართლოს განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.

პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ცვლილებები ოთხ შემდეგ კანონში განხორციელდა: - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში, "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში და "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში.