საქართველოს პრეზიდენტი მაჰმადიან მესხებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მაჰმადიან მესხებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მაჰმადიან მესხებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც მათ  რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროცესუალური სირთულეების შესახებ იმსჯელეს. მესხთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რეპატრიანტების საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოსთან, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ ორწლიანი ვადა, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად მიეცათ - გამოვიდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან და  მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა - ხუთ წლამდე გაიზარდოს. მაჰმადიანი მესხების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს მიღებისთვის, მათი პრობლემებით დაინტერესებისთვის და იმისათვის, რომ 267 მესხს უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

როგორც მსოფლიო თურქ მესხთა კავშირის თავმჯდომარემ ზიადინ კასანოვმა აღნიშნა, მესხები საქართველოდან უკანონოდ გაასახლეს, თუმცა ქართველ ხალხს ამაში ბრალი არ მიუძღვის.

„საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ სწორედ მის დროს დაიწყო მესხთა რეპატრიაცია და მოქალაქეობის დაბრუნება. მესხები აქედან უკანონოდ გაასახლეს, მაგრამ არა საქართველომ. ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, ეს იყო სტალინის რეჟიმის პერიოდში და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაბრუნდეს ისტორიულ სამშობლოში", - აღნიშნა ზიადინ კასანოვმა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკურ უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ესწრებოდა, რომლის განცხადებით: „იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც საქართველომ იკისრა მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით, ახლა დაიწყო".

სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მესხები 1944 წელის 15 ნოემბერს გაასახლეს და ისინი ერთადერთი ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც 1956 წლის შემდეგაც არ მიეცა სამშობლოში დაბრუნების უფლება.